Neue Klasse-ით შთაგონებული BMW M5-ის ფეისლიფტი
გერმანული ავტომწარმოებლის მიერ BMW M5-ის წარდგენიდან ერთ წელზე ნაკლები გავიდა. შესაბამისად, წლის დასაწყისშივე მისი ფლეილისტის პროტოტიპის გამოჩენა ბევრს გაუკვირდება. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: მათ შორის ის, რომ BMW ახალი დიზაინერული ენის შექმნასა და დახვეწაზე აქტიურად მუშაობს.
ფოტოებიდან ცვლილებები ერთი შეხედვითაც ჩანს. პირველი რაც თვალში გვხვდება Neue Klasse-ის სტილს მორგებული წინა კორპუსია, მოკლე ცხაურითა და ახალი ფარებით, რომელთაც წინა ბამპერი უერთდება. წინა ბამპერის შუა ნაწილზე ჰაერის შემშვები სისტემაა დაყენებული, რომლის ქვედა მხარეც V-ფორმისაა და M2-ის დიზაინს გვაგონებს.
ავტომობილის დარჩენილი ნაწილი თითქმის სრულად უცვლელია, თუმცა სავარაუდოდ ცვლილებებს მანქანის უკანა კორპუსზეც უნდა ველოდოთ. M5-ის დიფუზორსაც შედარებით ნაკლებად აგრესიული დიზაინი აქვს, თუმცა ამ ფოტოებიდან და ავტომობილის „შენიღბული“ ვიზუალიდან ამის მტკიცება გაგვიჭირდება.
პაპარაცებმა ავტომობილის ინტერიერისთვის მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს, თუმცა დასკვნების გამოსატანად საკმარისი არც ისინი აღმოჩნდა. ავტომწარმოებელი ახალ მოდელში სავარაუდოდ პანორამულ iDrive-ს და ოპერაციულ სისტემა X-ს გამოიყენებს. ორივე მათგანი, მიმდინარე წლის დასაწყისში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) ვიხილეთ.
სალონში ერთი მთავარი ეკრანი იქნება მოთავსებული, რომელიც სამ ცალკეულ ნაწილად დაიყოფა. ერთ-ერთი ციფრული ხელსაწყოთა პანელია, დარჩენილი ორის შეცვლა და სურვილისამებრ მორგება კი, „ვიჯეტების“ საშუალებით შესაძლებელია. დიდი ალბათობით, ავტომობილს ცენტრალური საინფორმაციო გასართობი სისტემა და ახალი მრავალფუნქციური საჭე ექნება.
ვინაიდან ეს განახლება სტილზე და ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული, ცვლილებებს წესით ავტომობილის შესაძლებლობებიც უნდა მოერგოს. ამჟამინდელ მოდელს plug-in-ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელიც 4.4-ლიტრიან V8 ძრავას 14.8 კვტ/სთ ბატარეასთან აერთიანებს. ამას ემატება 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ინტეგრირებული ელექტროძრავით.
ეს კონფიგურაცია მოდელს საშუალებას აძლევს 717 ცხენის ძალა და 999 ნიუტონ მეტრი გამოიმუშაოს . შედეგად სრულად ამძრავი სედანი 0-დან 100-მდე 3.4 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი, დაახლოებით 310 კმ/სთ-ს მიაღწევს.