სამუხრუჭე მტვერი თქვენი ჯანმრთელობისთვის დიზელის გამონაბოლქვზე სახიფათოა | კვლევა
უკანასკნელი წლების განმავლობაში, მთავრობებმა გამონაბოლქვის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს. უკვე ვიცით, რომ ევროკავშირის კანონმდებლობით, 2035 წლიდან შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ახალი ავტომობილების წარმოებაც აიკრძალება. მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია, რომელიც კლიმატურ კრიზისს აუარესებს და ამავდროულად, საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
გაერთიანებულ სამეფოში 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ისეთი ტიპის დაბინძურება, როგორიცაა გზის, საბურავებისა და სამუხრუჭე ხუნდების ნაწილაკები, გავლენას ფილტვებზე ახდენს და იმაზე უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დიზელის გამონაბოლქვი. ეს არის სამუხრუჭე მტვერი, რომელიც თქვენს ბორბლებზე სამუხრუჭო ხუნდის გაცვეთის შედეგად გროვდება და მსგავსი გამონაბოლქვის (რომელიც ძრავიდან არ მოდის) 55%-ს მოიცავს. პრობლემა ისაა, რომ ეს მტვერი მხოლოდ ბორბლებზე არ ვრცელდება: ის აბინძურებს როგორც წყალს, ასევე ჰაერს.
მტვრის ქიმიური შემადგენლობა საბურავის ტიპზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ხშირად შეიცავს რკინას, სპილენძს და თუთიას, აგრეთვე საპოხ მასალებს და გამაძლიერებელ ბოჭკოებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს, თუ რა შეიძლება იქნას გამოყენებული სამუხრუჭე ხუნდში.
აღსანიშნავია, რომ „დიზელის ძრავა“ ძალიან ბუნდოვანი ტერმინია და საინტერესოა, რომელი მოდელი იყო გამოყენებული შედარებისთვის. ვსაუბრობთ 1970-იანი წლების Mercedes-Benz 300D-ზე, 1990-იანი წლების Freightliner FLD120-ზე თუ Euro 6-თან შესაბამისობაში მყოფ BMW 320d-ზე? განსხვავება გამონაბოლქვის შემთხვევაში წარმოუდგენლად მაღალია.
თუმცა, მხოლოდ ელექტრომობილებზე გადასვლა სამუხრუჭე ხუნდებიდან წარმოქმნილი დაბინძურების პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, შეიძლება გააუარესოს. „ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გაიზრდება. ავტომწარმოებლები ელექტრომობილებში მძიმე ბატარეებს იყენებენ, რაც ზრდის ხახუნის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვის მოცულობასაც“.
ევროკავშირის Euro 7-ს რეგულაციები, რომელიც 2026 წლის ნოემბერში ამოქმედდება, სამუხრუჭე ხუნდების გამონაბოლქვს შეამცირებს, თუმცა სპილენძს არ შეეხება. კალიფორნია და ვაშინგტონი სამუხრუჭე ხუნდებში სპილენძის შემცველობას უკვე ამცირებენ. შტატების მიერ დადგენილი ახალი ლიმიტი 2025 წლისთვის შემუშავდა. ასევე ზოგიერთი კომპანია, როგორიცაა Akebono, გვთავაზობს სამუხრუჭე ხუნდებს, რომელთაც სპილენძის შედარებით დაბალი შემცველობა აქვთ.