ფორდი, ფორდ ჯითი, მენსორი, მენსორი ფორდ ჯითი, სტეფ კარი
Aa
Aa

სტეფ კარის უნიკალური Mansory Ford GT

NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კალათბურთელი ყველა ფრონტზე შთამბეჭდავია. და რა გასაკვირია, რომ არც ავტომობილებში მისი გემოვნებაა გამონაკლისი. შედეგად, Golden State Warriors-ის მოთამაშის Ford GT-ის საჭესთან ხილვა შოკისმომგვრელი არავისთვის უნდა იყოს. თუმცა, საქმე სტანდარტულ მოდელთან არ გვაქვს, ეს სპეციალურად დამზადებული Mansory Ford GT-ია.

ამ მოდელის ოფიციალური სახელწოდება Mansory x Under Armour Le Mansory-ი გახლავთ. ეს Ford GT გერმანული „ტუნერ“ კომპანიასა და სპორტული ტანსაცმლის ბრენდს შორის თანამშრომლობით შეიქმნა - რა თქმა უნდა, სტეფ კარის ჩართულობით. ავტომობილის დებიუტი გასულ კვირას, მიმდინარე წლის NBA All-Star-ის უიქენდამდე შედგა.


Mansory-ის Ford GT-ი Under Armour-ის ახალი სპორტული ფეხსაცმლის, Echo-ს დიზაინითაა შთაგონებული. Mansory GT-ს კორპუსი დრამატულ ყვითელ-შავ ფერებშია შეღებილი, კარბონითაა დაფარული, სპეციალურად დამზადებული მაშუქები აქვს და 21-ინჩიან ბორბლებზე დგას. ავტომობილის გვერდებსა და უკანა ფრთაზე Under Armour-ის ლოგოსაც ვხვდებით.

იგივე ფერებია გამოყენებული ინტერიერისთვისაც, თუმცა ექსტერიერთან შედარებით, ის ნაკლებად მიმზიდველი ჩანს. სალონის ზედაპირი, თითქმის სრულად, კარბონით, ალკანტარათი და ტყავითაა დაფარული. Under Armour-ის ლოგო დატანილია საჭის ცენტრშიც.


სტეფ კარიზე მორგებული დიზაინი Mansory-ის „Le Mansory“ Ford GT-ის საფუძველზე შეიქმნა, რომლის დებიუტიც 2020 წელს, მაღაზიის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად შედგა. ავტომობილის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა 700 ცხენის ძალას და 840 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს - 50-ით მეტს ვიდრე სტანდარტული GT. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.

მსგავსი სიახლეები