BMW პროტოტიპში ახალ სუპერკომპიუტერს ტესტავს
გერმანული ავტომწარმოებელი BMW პროტოტიპში ახალ სუპერკომპიუტერს, სახელად Heart of Joy-ს ტესტავს. ახალი ტექნოლოგია, BMW-ის გეგმით, მის ელექტრომობილებს სამართავად უფრო მიმზიდველს გახდის. ინოვაციური სუპერკომპიუტერი ავტომობილის მონაცემებს 10-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე არსებული ალტერნატივები და „დინამიკური შესრულების კონტროლთან“ (DPC) მარტივად ადაპტირდება.
რეალურად, გერმანული კომპანია სუპერკომპიუტერს Neue Klasse-ის შემდეგი თაობის მოდელებში გამოსაყენებლად ტესტავს. DPC-ის (Dynamic Performance Control) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, სუპერკომპიუტერი ავტომობილის გადაცემათა კოლოფს, მუხრუჭებს, საჭეს, დამუხტვის სისტემას და სხვა ძირითად ასპექტებს აკონტროლებს. ავტომწარმოებლის შეფასებით, მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ელექტრომობილების უფრო მეტად შეყვარებაა. ამასთან ერთად კი, მათთვის ბევრად ამაღელვებელ და ემოციურ მართვის გამოცდილებასაც უზრუნველყოფს, რაც AI-ის გამო, ახალი მოდელებში, თითქოს დაკარგულია.
ერთჯერადი პროტოტიპი ექსკლუზიურად Heart of Joy-ს გამოსაცდელად და დასახვეწად შეიქმნა. BMW Vision Driving Experience (VDX) სერიული წარმოებისთვის განკუთვნილი არაა, ის მხოლოდ სუპერკომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირებას ემსახურება. დამუხრუჭების ჭკიანი სისტემისა და ენერგიის აღდგენის გავლენით, ტექნოლოგია ეფექტიანობას 25%-ით ზრდის. ამავდროულად კი, აუმჯობესებს მართვას და უზრუნველყოფს უფრო გლუვ და ზუსტ მოხვევას.
მისი მუშაობის ვიზუალური გამოხატვისთვის, VDX-ის პროტოტიპის ბორბლები ფერებს იცვლის: მწვანე აჩქარებისთვის, ლურჯი ენერგიის აღდგენისთვის და ნარინჯისფერი დამუხრუჭებისთვის.
Heart of Joy-ის შესაძლებლობების უკეთ შესაფასებლად, VDX პროტოტიპის მაბრუნი მომენტი დაახლოებით 18 000 ნიუტონ მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ბრუნვის ეს მაჩვენებელი არ არის განკუთვნილი საწარმოო მანქანებისთვის, ის აჩვენებს სისტემის უნარს გაუმკლავდეს უზარმაზარ დატვირთვას და მოახდინოს სწრაფი რეაგირება მართვის ცვალებადობაზე. მსგავს მაჩვენებელზე დატესტილი სუპერკომპიუტერი, შემდგომში, ბევრად დაბალი მაბრუნი მომენტის მქონე ავტომობილებზე უფრო ეფექტურად იმუშავებს.
Heart of Joy ერთ-ერთია იმ ოთხი ახალი „სუპერტვინიდან“, რომელიც BMW-ის მომდევნო თაობის მოდელებს გააძლიერებს. დანარჩენი სამი განკუთვნილია ავტომატიზებული მართვის, საინფორმაციო გასართობი სისტემისა და ისეთი ძირითადი ფუნქციების გასაუმჯობესებლად, როგორებიცაა კლიმატის კონტროლი და განათება.