როგორია საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2025 წლის იანვრის თვეში, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში 130 მლნ. აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, რამაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 32.2% შეადგინა. მეორე ადგილზე მოდის სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით და სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 16%-ით, $112 მილიონიდან $129.9 მილიონამდეა გაზრდილი. თუმცა მცირედით შემცირებულია პროცენტული წილი, 33.1%-დან 32.2%-მდე. ცნობისთვის, ამ პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები გახლდათ - საერთო რაოდენობით, 361.7 მლნ. აშშ დოლარით.
საინტერესოა, რომ იანვრის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 84.591 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში ეს მონაცემი $109 მილიონს აჭარბებდა.
რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილები მეორე უმსხვილესი საიმპორტო საქონელია. საქართველოს იმპორტში, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში პირველ ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით - 481.1 მლნ. აშშ დოლარით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა კი, 151.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი იმპორტის 9.4%. მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 23%-ითაა დავარდნილი.
წყარო - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური