უსაფრთხოების ტესტი, ელექტრომობილი, უსაფრთხოება, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი, ფორდ ეფ-150, ტესლა საიბერთრაქი საიბერბისთი
Aa
Aa

მართლა ასეთი გამძლეა Cybertruck-ი? | უსაფრთხოების ტესტი გვიჩვენებს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ Tesla Cybertruck-ს უსაფრთხოების საერთო რეიტინგში ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა ელექტროპიკაპმა ყველა ტესტის გავლა ვერ მოახერხა, ოთხი ვარსკვლავი მან მხოლოდ მანქანის ამობრუნების ტესტსა და 56კმ/სთ სიჩქარით, მსგავს ავტომობილთან შეჯახების გამოცდაზე დაიმსახურა.

ტესტირებებში, რომელიც გასული წლის დეკემბერში Applus IDIADA KARCO Engineering-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა, 2024 წლის Cybertruck Cyberbeast-ი გამოიყენეს. შეჯახების ტესტმა აჩვენა, რომ მაღალი ზემოქმედების შემდეგაც კი, საქარე მინა ადგილზე დარჩა და არ დაზიანებულა. გარდა ამისა, შეჯახების მომენტში Cybertruck-ი გვერდითა კარები დახურული დარჩა, თუმცა ამის მიუხედავად, ინციდენტის შემდეგ მათი გაღება შესაძლებელი იყო.

ცნობისთვის, ტესტირების დროს, მგზავრისა და მძღოლის მუხლის უსაფრთხოების ბალიშები არ ამოქმედებულა, რაც Tesla-მ გამოცდის სპეციფიკურობით ახსნა. თუმცა იმუშავა წინა საჰაერო ბალიშებმა, რამაც ავტომობილში მოთავსებული მანეკენების უსაფრთხოება უზრუნველყო. გვერდითი შეჯახების ტესტებს მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუვლენია, ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების ბალიშებმა სტანდარტულად იმოქმედა, და არც მოძრავი ბარიერის გვერდითი დარტყმის ტესტმა გამოავლინა რაიმე გასაკვირი.

Tesla შედეგებით აშკარად კმაყოფილი დარჩა, თუმცა მისი Cybertruck-ი ერთადერთი ელექტროპიკაპი არაა, რომელმაც უსაფრთხოების ტესტებში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. იგივე შედეგი აქვს Ford F-150 Lightning-ს, თუმცა სამწუხაროდ, Chevrolet Silverado EV, GMC Sierra EV, GMC Hummer EV და Rivian R1T ამ ეტაპზე არ გამოუცდიათ.

მაგრამ რა გასაკვირია, რომ Tesla-ს მოდელმა, რომლის ღირებულებაც $80 000-ს აჭარბებს, უსაფრთხოების ტესტებში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. და თანაც, გამოცდაში Cyberbeast-ი გამოიყენეს, რომლის საწყისი ფასი $99 990-დან იწყება.

მსგავსი სიახლეები