Formula 1-ში ლეგენდარული ძრავის ხმას კვლავ გავიგებთ?
უახლოეს მომავალში, შესაძლოა Formula 1-ის ჩემპიონატში ლეგენდარული V10 ძრავის ხმა კვლავ გავიგოთ. ჯერ ეს დადასტურებული არაა, თუმცა ყოველ შემთხვევაში, FIA-ს ხელმძღვანელის გეგმებში ეს ყოველივე ნამდვილად შედის.
მოჯამედ ბენ სულეიმანმა, ავტომობილების საერთაშორისო ფედერაციისა და F1-ის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, განცხადება Instagram-ის საშუალებით გაავრცელა: "მოუთმენლად ველით, 2025 წლისთვის, ავტომობილების შასსა და ძრავებზე ახალი წესების შემოღებას, თუმცა, ავტოსპორტის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. მრავალ გეგმას განვიხილავთ, მათ შორის ეკომეგობრულ საწვავზე მომუშავე V10-ის მძლავრ ხმას".
დიახ, სწორად გაიგეთ - V10-ის ძრავები განხილვის საგანია. როგორც გამოცემებთან FIA ადასტურებს, მდგრად საწვავზე მომუშავე V10-ის გამოყენება 2030 წლისთვის, გრძელვადიან გეგმაში განიხილება. ასე, რომ ამჟამად, ჩემპიონატში 2026 წლის რეგულაციებზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა სამომავლო მიზნებზეც აქტიურად ფიქრობენ. FIA მიზნად ისახავს დააბალანსოს ერთი მხრივ გარემოსდაცვითი საკითხები და პარალელურად, შეამციროს ხარჯები და ავტოსპორტს სანახაობრიობა შეუნარჩუნოს.
თუმცა FIA, განსაკუთრებით კი მისი ხელმძღვანელი ბენ სულეიმანი, ბოლო დროს არც თუ ისე პოპულარულია. თანაც მას შემდეგ, რაც პილოტებისთვის, უხეშობაზე ჯარიმები შემოიღო. ასე, რომ V10-ების დაბრუნების შესახებ მისი განცხადება, შესაძლოა გარკვეული მხარდაჭერის მოპოვების საშუალება გახლდეთ.
ამის გარეშეც, 2026 წლის სეზონი, ახალი რეგულაციებით, ბევრად ხმამაღალი იქნება. რეალურად, 1.6-ლიტრიანი V6-დან სუფთა სიმძლავრე შემცირდება, მაგრამ ბატარეის სიმძლავრე თითქმის სამჯერ, 120-დან 350 კვტ-მდე გაიზრდება. ასე, რომ მივიღებთ უფრო მეტ სიმძლავრეს, სუფთა, 100%-ით მდგრადი საწვავის გამოყენებით.