მართვის მოწმობის გამოცდა, დოჯი, უცნაური, ჯარიმა, დოჯი გრანდ ქარავანი
Aa
Aa

ჯარიმა წარსულიდან და ნახევარი საუკუნის შემდეგ შეჩერებული ლიცენზია

აღმოჩნდა, რომ კანადაში, წარსულის დარღვევებისგან დაზღვეული არც ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ ხართ. ახლახან, 85 წლის მამაკაცმა, ოსი გილდარტმა შეიტყო, რომ ჯარიმა აქვს გადასახდელი, რომელიც 1960 წლით თარიღდება. გამოდის, რომ დარღვევა 65 წლის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. 

გილდარტი 2024 წლის დეკემბერში მართვის მოწმობის გასაახლებლად საპატრულო განყოფილებაში მივიდა. ცნობისთვის, კანადაში 80 წელს გადაცილებული პირი ვალდებულია, მოწმობა ორ წელიწადში ერთხელ, შესაბამისი ტესტირების გავლით განაახლოს. თუმცა ჩვეული პროცედურის ნაცვლად, მას ლიცენზია შეუწყვიტეს და განუცხადეს, რომ ჯარიმის დაფარვამდე ასე დარჩებოდა. ჯარიმის მოცულობა $3 300-ია.


მძღოლის გასაკვირად, ჯარიმა მის ბოლო დროინდელ დარღვევებსა და Dodge Grand Caravan-ს არ უკავშირდებოდა. ჯარიმის ისტორიას 1960 წელს, ტორონტოში მომხდარ დაუზღვეველ ავარიამდე მივყავართ. თუმცა, როგორც გილდარტი ამტკიცებს, მას რაიმე მსგავსი საკუთარი წარსულიდან არ ახსენდება.

სიტუაციას კიდევ უფრო გაუგებარს ის ხდის, რომ გილდერტმა ბოლო წლებში ლიცენზია რამდენჯერმე განაახლა და რაიმე სახის გართულება, არასდროს შეხვედრია. მათ შორის, ონტარიოში მომსახურე ტექნიკოსად მუშაობისას, მოწმობის განახლება მას ყოველწლიურად უწევდა. შესაბამისად, ეს ჯარიმა უფრო ადრეც უნდა ამოეჩინათ.

გილდერტმა მართვის მოწმობა დაიბრუნა, თუმცა ჯარიმის გადახდა მაინც უწევს. 85 წლის მძღოლმა დასაფარად თვიური გადასახადი აირჩია. თუმცა სასამართლოში ჩივილს კვლავ გეგმავს და აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი წარსულში არასდროს შემთხვევია.

მსგავსი სიახლეები