ამ ელექტრომობილით მომხმარებელი ყველაზე მეტად კმაყოფილია
ელექტრომობილების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება ინვესტიციებიც, მომხმარებელთა მოთხოვნებიც და შესაბამისად, მოდელთა მრავალფეროვნებაც. თუმცა მძღოლები ყოველთვის კმაყოფილნი არ არიან და მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ასეთ რთულ "გადასვლას" უკავშირდება - შიგაწვის ძრავებიდან EV-ებზე.
თუმცა უკვე არსებობს რამდენიმე ელექტრომოდელი, რომელიც მომხმარებელში დიდი სანდოობით სარგებლობს. ამის მაგალითი გერმანული SUV-ია, რომელმაც საერთო კმაყოფილების თვალსაზრისით, ბევრ სხვა პოპულარულ ელექტრომობილს გადაასწრო.
J.D. Power-ის 2025 წლის "ელექტრომობილების ფლობის გამოცდილების ანგარიშმა" ავტომობილები, 1 000-ქულიანი სკალით, სხვადასხვა ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეაფასა. მათ შორისაა: ფლობის ხარჯი, ბატარეის დიაპაზონი, მართვის სიამოვნება, საჯარო დასამუხტი სივრცეების არსებობა, დიზაინი, სახლში მარტივად დამუხტვის შესაძლებლობა, უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, სერვისის გამოცდილება, საერთო ხარისხი და სანდოობა.
მიმდინარე წლის ანგარიშის ფარგლებში 2024-2025 წლების 6 000-ზე მეტი ავტომობილი შეისწავლეს, როგორც ბატარეაზე მომუშავე (BEV), ასევე PHEV ვერსიები.
ანგარიშში, BMW iX-მა საერთო 1 000-დან ყველაზე მაღალი 790 ქულა დაიმსახურა. მას მცირე ჩამორჩენით, 783 ქულით მოჰყვება გერმანული კომპანიის კიდევ ერთი მოდელი i4. შემდეგაა Rivian R1S (770), Tesla Model 3 (767) და Polestar 2 (764). ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების საშუალო ქულა 756 იყო, რომელსაც Tesla Model Y (749), Audi Q8 e-tron (722), და Cadillac Lyriq (717) თავიანთი შეფასებებით ჩამოუვარდებოდნენ.
ანგარიშით დადგინდა ისიც, რომ EV-ების მფლობელთა უმრავლესობა შემდეგშიც ელექტრომობილების არჩევას გეგმავს. რეალურად, 94%-მა განაცხადა, რომ სამომავლოდაც, ელექტრომობილების შეძენას განიხილავს. ამ ფაქტს J.D. Power-ი აღმასრულებელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხმარებელი, რომელიც ელექტრომობილების სამყაროში შეაბიჯებს, ტექნოლოგიების ერთგული მუდამ დარჩება.