პირველად ისტორიაში: ავტომობილი, რომელიც რეალურად დაფრინავს
Alef Aeronautics-მა სრულიად ახალი ისტორია დაწერა და დაამტკიცა, რომ მფრინავი ავტომობილები მხოლოდ ფილმებისთვის არაა. გასულ წელს, კალიფორნიაში დაარსებულმა ფირმა Alef Aeronautics-მა მფრინავი მანქანის მოდელი - Alef Model A წარადგინა. ახლა კი, მისი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ეს ავტომობილი რეალურად, ვერტიკალურ ფრენას ასრულებს.
კომპანია მფრინავი ავტომობილების განვითარებაზე დაახლოებით ათწლეულია მუშაობს. 2017 წელს, მისი პროტოტიპის წარდგენის შემდეგ, Tesla-მ და SpaceX-მა ფირმაში $3 მილიონის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. Alef-მა ინტერნეტი 2022 წელსაც გააოცა, როდესაც მისი მფრინავი მანქანის პროტოტიპი გაასაჯაროვა, სახელწოდებით Model A. კომპანიის მტკიცებით, 100%-ით ელექტრო მფრინავ მანქანას 350 კილომეტრზე მეტის დაფარვა შეუძლია, აქედან ნახევრის ფრენით. Alef-ის დირექტორის, ჯიმ დუხოვნის განცხადებით, მისი კომპანია „კაცობრიობას უმტკიცებს, რომ ახალი ტიპის ტრანსპორტირება უკვე შესაძლებელია“.
დაახლოებით ერთი წლის წინ, Alef Model A მსგავსი ტიპის პირველი სატრანსპორტო საშუალება გახდა, რომელმაც აშშ-ის საავიაციო ფედერალური ადმინისტრაციისგან სპეციალური საჰაერო ვარგისიანობის სერტიფიკატი მიიღო. Alef-ი პირველი კომპანიაც გახდა, რომელმაც წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო და მათ შორის, ავტომობილების სადილეროების მეშვეობით. კომპანიამ გასულ კვირას ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა, როდესაც კალიფორნიაში, მისი მოდელის ფრენის პირველი კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ისიც, თუ როგორ გადაადგილდება მიწაზე ჩვეულებრივ Model A.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, Alef-მა კომენტარიც გამოაქვეყნა: „ავტომობილის მართვისა და ვერტიკალურად ფრენის ამსახველი პირველი ვიდეო ისტორიაში“. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის შესრულებები მათ შორის eVTOL-ის მიერ წარსულშიც გვინახავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტესტირებისთვის საჯარო ტერიტორია გამოიყენეს. ცნობისთვის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქუჩები ტესტირების დროს გადაკეტილი იყო.
მოდელი A უნიკალურია სხვა მფრინავი მანქანებისგან - მას არც დიდი ფრთები აქვს და არც გრძელი ასაფრენი ბილიკი სჭირდება. სამაგიეროდ, მისი კორპუსის ქვეშ ოთხი მძლავრი პროპელერია განთავსებული, რომლებიც საკმარისია სატრანსპორტო საშუალების ჰაერში ასაწევად. კომპანიის განცხადებით, მანქანა დაპროექტებულია ქუჩაში გადასაადგილებლად და საჭიროების შემთხვევაში ვერტიკალურად აფრენა და საცობისთვის თავის არიდება შეეძლება.
Alef-ის ინფორმაციით, მფრინავ მანქანებზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ უკვე 3,200-ს გადააჭარბა. თავდაპირველი გეგმით, უცნაური კონცეფციის მფრინავი ავტომობილი 2025 წელს უნდა გამოვიდეს, გასაყიდი ფასი კი - $300 000 იქნება.