ხელოვნური ინტელექტი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, მაზერატი
Aa
Aa

Mercedes-ის დიზაინებს მალე მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი შექმნის

ხელოვნური ინტელექტი დღეს შესაძლოა ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია იყოს. ბევრი შიშობს, რომ ის, მალე იმდენად დაიხვეწება, რომ ადამიანზე ჭკვიანიც იქნება. აქედან გამომდინარე კი, მომავალში AI ისეთი საქმიანობების შეთავსებასაც მოახერხებს, რომლებსაც დღეს რიგითი ადამიანები ასრულებენ.

რა გასაკვირია, რომ ადამიანებს, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე სამსახურების დაკარგვის შიში გაუჩნდათ მაშინ, როდესაც ამ თემაზე ღიად Mercedes-ის დიზაინერიც კი საუბრობს. Mercedes-Benz-ის გლობალური დიზაინის ხელმძღვანელს, გორდენ ვაგენერს სჯერა, რომ რამდენიმე წელში, ავტომობილის დიზაინის უმეტეს ნაწილს AI შექმნის და დაახლოებით 10 წელიწადში, რეალური, გამოცდილი მუშახელის უმეტესობასაც ჩაანაცვლებს.

„ჩვენ ახლა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ვმუშაობთ. AI-დან თქვენ 99%-ს სისულელეს იღებთ და სწორედ ეს არის ყველაზე რთულიც - კარგისა და ცუდის დაცალკევება. ეს ის 1%-ია, რომლის დასწავლასაც ჩვენ ვაგრძელებთ და უმჯობესდება", - განაცხადა ვაგენერმა. მისივე თქმით, AI არსებულ დიზაინებს საფუძვლიანად შეცვლის: „მიმაჩნია, რომ 10 წელიწადში შესაძლოა დიზაინერული განყოფილების უმეტესი საქმიანობა AI-მ შეითავსოს და ეს დიზაინერებს უსაქმოდ დატოვებს. ჩემი მემკვიდრე მანქანა იქნება და ეს, ჩემ ხელფასზე ბევრად იაფიც დაჯდება“.

ეს შესაძლოა საკმაოდ ეფექტიანი ტაქტიკა იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიები ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისკენ მიისწრაფვიან. რეალურად, ფირმას ტექნიკის ყიდვა და განვითარება უფრო იაფი შეიძლება დაუჯდეს, ვიდრე ერთი განყოფილებისთვის ათობით დიპლომიანი პირის დაქირავება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იაფია Mercedes-ისთვის, არ ნიშნავს, რომ კარგი იდეა იქნება.


საინტერესოა, რომ ვაგენერის განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება Maserati-ის დიზაინის ხელმძღვანელის შეფასებებს. კოლეგის მსგავსად, ისიც აღიარებს, რომ AI-ის საშუალებით მცირე დროში 50-მდე Maserati-ის დაპროექტება შეუძლია, თუმცა ამას დასასრულად სულაც არ აღიქვამს: „ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ სარკეა იმისა, რასაც ინტერნეტში ხედავთ. ის მომავალს ვერ განჭვრეტს. ეს უბრალოდ საზომია ყველაფერი იმისა, რაც ადრე უკვე შექმნილია. ასე, რომ ვფიქრობ, ის უბრალოდ დამატებითი, დამხმარე ხელსაწყოა".

მსგავსი სიახლეები