წინა შეცდომის გამო, Ford-მა Mustang-ი ხელახლა გაიწვია
Ford-ს ათასობით Mustang-ის უკან გაწვევა ხელახლა მოუხდა, რადგან წინა გაწვევისას, ავტომობილები სათანადოდ ვერ შეაკეთა. კომპანიის ოფიციალური მოხსენების თანახმად, უკან გაწვევა 2022-2023 წლებში გამოშვებული Mustang-ების ნაწილს შეეხო. აღმოჩენილი დეფექტი კი, საჭის გამაძლიერებლის კონტროლის მოდულის პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება, რომელიც გაწვევისას სწორად არ განაახლეს.
ავტომწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ეს ავტომობილები, რეალურად, შეკეთებულ მოდელთა სიაში იყვნენ შეყვანილნი. Ford-მა ჯამში 30 000-ზე მეტი Mustang-ი, თავდაპირველად, გასული წელს გაიწვია. არსებობდა ალბათობა, რომ ამ ავტომობილებში საჭე კარგად დამაგრებული არ იყო, რაც შემობრუნების დროს, საჭის რხევას იწვევდა. ამ თაობის Mustang-ებში ავტომწარმოებელი ელექტროსაჭეს იყენებს.
Ford-მა, პირველი გაწვევის ფარგლებში, მოდელების ნაწილზე საჭის სისტემა არასწორად დააყენა. ამან, მთავარი სენსორის გაუმართაობის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, მანქანის მართვა გაართულოს და საავარიო სიტუაცია შექმნას. სწორი პროგრამული უზრუნველყოფის განახლების გარეშე, დიდი შანსია, რომ მთავარი სენსორიც გაუმართავი დარჩება.
ახლა, Ford-ის მფლობელებს თავიანთი Mustang-ის ხელახლა, სადილეროებში მიყვანა მოუწევთ. სადილეროში, სერვისტექნიკოსი ავტომობილების PSCM-ს სწორი პროგრამული უზრუნველყოფით განაახლებს. მომსახურება, მომხმარებლებს, რა თქმა უნდა უფასოდ ჩაუტარდებათ. Ford-ის განცხადებით, დეფექტს ამ ეტაპზე არანაირი მნიშვნელოვანი გართულება არ გამოუწვევია.
მხოლოდ მიმდინარე წელს, Ford-ის მხრიდან ავტომობილების გაწვევის 10 სერია ვიხილეთ. გასულ წელს კი, გაწვევების რაოდენობით, რიგით მესამე ავტომწარმოებელი იყო. 2024 წელს კომპანიამ ჯამში 4.8 მილიონ ავტომობილამდე გაიწვია - ის მხოლოდ Tesla-სა და Stellantis-ს ჩამორჩებოდა.