რუსეთი, ქარხანა, ლადა, რენო, ავტოვაზი
Aa
Aa

რუსეთი Renault-ის 1 რუბლად ნაყიდ ქარხანას, ასტრონომიულ თანხად ყიდის

უკრაინაში შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის ბაზარი გარკვეულმა კომპანიებმა დატოვეს. მათ შორის იყვნენ ავტომწარმოებლები, რომელთაც სრულად შეწყვიტეს ბაზართან კავშირი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი Renault-ია, რომელიც AvtoVAZ-ში 68%-იან წილს ფლობდა. ცნობისთვის, AvtoVAZ-ი სახელმწიფო საკუთრებაშია და Lada-ს აწარმოებს.

თუმცა Renault-მა გასვლის გადაწყვეტილება შედარებით რთულად მიიღო, რადგან ფრანგული ბრენდი რუსეთის მთლიანი საავტომობილო ბაზრის დაახლოებით 30%-ს ფლობდა. საბოლოოდ, კომპანია არსებულ ვითარებას შეეგუა და თავისი აქტივების გაყიდვასაც დათანხმდა. მათ შორის იყო NAMI-ის საავტომობილო კვლევითი ობიექტი, რომელიც Renault-მა სიმბოლურად 1 რუბლად, დაახლოებით 1 აშშ ცენტად გაყიდა. მაგრამ თუ ავტომწარმოებელს ქვეყანაში დაბრუნება მოუნდება, იგივე ქარხანაში, დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ახლა, AvtoVAZ-ის აღმასრულებელი მაქსიმ სოლოკოვი ასე ამბობს.


სოლოკოვის განცხადებით, Renault-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ, ქარხანაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, 2023 წელს ინვესტიციების მოცულობამ $311 მილიონს, ხოლო 2024 წელს - $450 მილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წელს, დამატებით $500 მილიონზე მეტის დაფინანსებები იგეგმება.

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ AvtoVAZ-ში Renault-ის წლიური ინვესტიცია დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა. მას სჯერა, რომ დაბრუნების შემთხვევაში მართებული იქნება, თუ ფრანგული ბრენდი ამ განსხვავებას აანაზღაურებს. თუმცა, მიუხედავად სოლოკოვის განცხადებებისა, არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ Renault-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს არ არსებობს. უფრო მეტიც, კომპანიის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები