გასულ წელს, საქართველოში, 110 000-ზე მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდეა გაზრდილი. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი, 1 680 400 ერთეულ ავტომობილს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში მატებამ 110 151 ავტომობილი შეადგინა.
გასული წლის მონაცემებით, ახალი ავტომობილების რეგისტრაციის ყველაზე დიდი წილი დედაქალაქზე მოდის. 2024 წლის მონაცემებით, თბილისში 749 176 ავტომობილია რეგისტრირებული, მაშინ, როდესაც 2023 წელს იგივე მონაცემი 622 000 ავტომობილს ოდნავ აღემატებოდა. მეორე ადგილზე, რეგიონების გათვალისწინებით, იმერეთია - 216 000 ავტომობილით. საინტერესოა ისიც, რომ 2024 წლის ბოლოსთვის, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაახლოებით 1 462 600 ერთეულის ასაკი 10 წელს სცდებოდა.
რაც შეეხება ტოპ ავტომობილებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ყველაზე პოპულარული მარკა Mercedes Benz-ია, ჯამში 221 106 ერთეულით, შემდეგ მოდის Toyota – 197 651 ერთეულით და Ford-ი, ჯამში 175 398 რეგისტრირებული ავტომობილით. შედარებით განსხვავებული ვითარებაა თბილისში, სადაც ყველაზე პოპულარული Toyota-ს მარკაა, მას მოჰყვება Mercedes Benz-ი და Ford-ი.
მოდელების მიხედვით, ტრადიციულად, საქართველოში ყველაზე მეტი Ford Transit-ია. გასული წლის ანგარიშით, Ford Transit-ის რაოდენობა 55 000 ერთეულს აღწევდა. ხოლო მსუბუქ ავტომობილებს შორის ყველაზე პოპულარული მოდელი Toyota Prius-ია. ქვეყნის მასშტაბით, 50 000-მდე Prius-ია რეგისტრირებული. შემდეგ მოდის Opel Astra (37 485), Honda Fit-ი (25 435) და Vaz 21063 (22 979).
საწვავის ტიპის განაწილებით, რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის ყველაზე მეტი ბენზინზე მომუშავე მოდელია. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილების საერთო რაოდენობის 41% ბენზინზე, ხოლო 20%-მდე დიზელზე იყო. დამატებით, მათგან 8.9% იყო ჰიბრიდი, ხოლო ელექტრომობილების წილი სულ რაღაც 0.5%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 600 000-მდე სედანს, 335 250 ჰეტჩბეკსა და 295 000-მდე მაღალი გამავლობის ავტომობილს ვხვდებით. ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერები კი, ტრადიციულად, რუხი, თეთრი და შავია.