Harley-Davidson-ის უძლიერესი მოტოციკლი თუ ახალი Corvette?
სარბოლო მოტოციკლებზე ფიქრისას, Harley-Davidson-ი ალბათ უკანასკნელი ბრენდია, რომელიც გაგვახსენდება. თუმცა, როგორც ჩანს, სულ ტყუილად. ბოლოდროინდელი პრობლემების მიუხედავად, კომპანიამ King of the Baggers-ის სარბოლო სერიებში თავის დამკვიდრება მოახერხა და საკმაოდ ძლიერი კონკურენტებიც კი დაჩრდილა.
ამ წარმატების აღსანიშნავად, Harley-Davidson-მა სარბოლო მოტოციკლის საგზაო ასლი, 2025 CVO Road Glide RR გამოუშვა. ეს მოდელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მოტოციკლია და არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ სოლიდური ღირებულებაც აქვს. CVO Road Glide RR-ით დაინტერესებულ პირებს სულ მცირე $110 000-ის გადახდა მოუწევთ. ამ ფასად კი, სრულებით ახალი Chevy Corvette Z06-ის შეძენაა შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც $112 100-დან იწყება.
Harley-ის გიჟური მოტოციკლის მთავარი დამახასიათებელი მისი ძრავაა. თქვენ წინაშე მასიური, 2.2-ლიტრიანი V-Twin-ია, რომელიც ბაზარზე, მაღალი წარმადობით ცნობილ ბევრ ჰეტჩბეკს უკან ჩამოიტოვებს. Harley-Davidson-ის ეს მოდელი 153 ცხენის ძალას და 204 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრეთი შესაძლოა დიდად არ მოიხიბლოთ, თუმცა მაბრუნი მომენტი ბევრს ცვლის. შედარებისთვის, BMW M 1000 RR-ი 113 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.
თუმცა ამ მოტოციკლში მხოლოდ ძრავა არ გაგაოცებთ. Harley-მ მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად Akrapovic-ის ტიტანის გამონაბოლქვი სისტემა და Brembo-ს უახლესი მუხრუჭებიც გამოიყენა. შევსებული ბაკით მოტოციკლი 356 კილოგრამს იწონის. დამატებითი ინფორმაცია Harley-ის მოტოციკლის მონაცემებზე არ მოუწოდებია, თუმცა ფაქტია, ის საკმაოდ სწრაფი უნდა იყოს.
მაღალი წარმადობის არცერთი მოტოციკლი არაა სრულყოფილი პრემიუმ დაკიდების სისტემის გარეშე. Road Glide RR-ი თავისი Trick Ohlins-ის დაკიდების სისტემით კი, რომელიც წინა და უკანა მხარესაა დაყენებული და რეგულირდება, იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. დამატებითი კომფორტისთვის Harley-მ ამ მოდელში Rockford Fosgate-ის აუდიოსისტემაც გამოიყენა.
Harley-Davidson-ის ყველაზე ძლევამოსილი მოტოციკლის შეძენა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. კომპანია მოდელს მხოლოდ 131 ეგზემპლარად გამოუშვებს და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაყიდის.