კაცი ნავიგაციას ბრმად ენდო | შემთხვევა ფატალურად დასრულდა
ავტომობილებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებები მძღოლებისთვის ბევრად უსაფრთხო გახდა. თუმცა დელიში მომხდარი ეს შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ეს ტექნოლოგიები მხოლოდ ინსტრუმენტებია და მათი ბრმად ნდობა, მითუმეტეს ავტომობილის საჭესთან, დაუშვებელია.
სამწუხაროდ, დელიში მომხდარი ინციდენტი ფატალური შედეგებით დასრულდა. მამაკაცი, რომელიც თავის მობილურ ტელეფონში ნავიგაციას მიყვებოდა, 30 ფუტის სიმაღლიდან პირდაპირ სანიაღვრეში გადავარდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტომობილის მძღოლმა სანავიგაციო სისტემიდან არასწორი მიმართულება მიიღო. მანქანა საპატრულო ეკიპაჟმა ამწის დახმარებით ამოიყვანა, თუმცა მამაკაცი, დაზიანებებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საპატრულო განყოფილების ანგარიშის თანახმად, ავტომობილის მძღოლი, ორ სხვა მგზავრთან ერთად, ტრაგიკული შემთხვევისას ქორწილში მიდიოდა. როგორც ავტომობილის მძღოლის ძმა იხსენებს, მისმა ძმამ მიმართულება დაკარგა და ონლაინ რუკას შესაბამისი კოორდინატები მიუთითა. სანავიგაციო სისტემაში ლოკაციის დამატების შემდეგ კი, მითითებებს მიჰყვა. სამწუხაროდ, სისტემამ მძღოლს გზის დასასრულთან მიახლოების შესახებ დროულად არ აცნობა და მანქანა სანიაღვრეში ჩავარდა.
მედიის ინფორმაციით, ონლაინ რუკაზე სწორი გზა ჩანს, როდესაც რეალურად, ავტომობილები საპირისპირო ზოლზე მოძრაობენ. ამის გამო, ყოველდღიურად, ამ ადგილზე ავარიები ხშირია. ამ შემთხვევამდე მცირე ხნით ადრე სანიაღვრეში მოტოციკლიც გადავარდა.
გარდაცვლილის ოჯახი ახლა სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მძღოლის ტრაგიკულ გარდაცვალებაში ოჯახი სისტემის გაუმართაობას ადანაშაულებს.