ჯარიმები, რეგულაციები, კანონები, უცნაური
Aa
Aa

შესაძლებელია, რომ ბინძური ავტომობილის გამო დაჯარიმდეთ?

შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. თუმცა აბუ-დაბიში, ბინძური ან მიტოვებული ავტომობილის მფლობელები $1 100-ით ჯარიმდებიან. და ეს ახალი რეგულაცია არ გეგონოთ, პირიქით, 2012 წლიდან მოქმედებს და მდგრადი და ესთეტიკურად სასიამოვნო ურბანული გარემოს შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტმა მოსახლეობას რეგულაცია შეახსენა და კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდა. იმავე პოსტში, დეპარტამენტმა მოსახლეობას ჯარიმების მოცულობაც შეახსენა.

დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მიტოვებული მანქანებისთვის, ხელისუფლებამ ჯარიმები ორ ტიპად დაყო:

1. საჯარო სივრცეში ავტომობილის დატოვება, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს - მათ შორის ბინძური და მოუწესრიგებელი ავტომობილები:

პირველი დარღვევა – $140 

მეორე დარღვევა – $270

მესამე და შემდგომი დანაშაული – $550

2. სატრანსპორტო საშუალების ძარის/ჩარჩოს მიტოვება საჯარო სივრცეში, რაც ქალაქს ვიზუალურად ამახინჯებს:

პირველი დარღვევა – $270

მეორე დარღვევა – $550

მესამე და შემდგომი დანაშაული – $1 100

ცნობისთვის, აბუ-დაბიში ისეთი ნივთების გადაყრისთვისაც დაჯარიმდებით, როგორებიც საღეჭი რეზინი და სიგარეტია. თუმცა, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთადერთი ადგილი არაა, სადაც თქვენ შესაძლოა ბინძური ავტომობილის ფლობისთვის კანონდამრღვევად ჩაითვალოთ. თუ აქ ძირითადი აქცენტი ვიზუალურ მხარეზე კეთდება, მაგალითად გერმანიისა და სინგაპურის შემთხვევაში მთავარი უსაფრთხოებაა.


სინგაპური სისუფთავის მკაცრი სტანდარტებითაა ცნობილი და ეს ავტომობილებზეც ვრცელდება. სინგაპურში თუ თქვენი მანქანა ზედმეტად ჭუჭყიანია და გავლენას მართვის უსაფრთხოებაზე ახდენს - როგორიცაა ხედვის გართულება და მანქანის ფუნქციონირების დარღვევა, შესაძლოა ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ.

რაც შეეხება გერმანიას, სისუფთავის რეგულაციები აქ რამდენიმე ქალაქში მოქმედებს. მთავარი ფოკუსი გერმანიის შემთხვევაში სანომრე ნიშნებზეა. გერმანიის რამდენიმე ქალაქში შესაძლოა დაჯარიმდეთ, თუ თქვენი სანომრე ნიშნები იმდენად ბინძურია, რომ მათი ამოკითხვა ვერ ხერხდება.

თქვენ რას ფიქრობთ ავტომობილების სისუფთავის რეგულაციებზე?  

მსგავსი სიახლეები