პროექტი, პორშე 911, ჰონდა, პორშე, ბიემვი 335აი, პორშე 996
Aa
Aa

Porsche 911-ში Honda K24-ის ძრავა ჩადგეს

როდესაც საქმე ძრავის შეცვლას ეხება, ხშირად, პირველი ყველას K24 ახსენდება. Honda-ს ძრავებს სხვა ბრენდის მანქანებშიც ხშირად შევხვდებით და ახლა, მათ რიგებს ყველასათვის საოცნებო Porsche 911-იც შეემატა.

Drive-ის YouTube გვერდზე ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო გამოჩნდა, 996 თაობის კუპეს მონაწილეობით. Porsche-ს მფლობელი ბენ სიმპსონია, რომელიც მისი მეგობრის „შემოქმედებაზე“ დიდი აღფრთოვანებით საუბრობს. ამ უკანასკნელმა თავის „სმარტ ქარში“ K24-ის ძრავა განათავსა, პროექტის შემხედველმა სიმპსონმა კი, საკუთარ 911-ზეც იმავეს გაკეთება გადაწყვიტა.


ძრავის შეცვლის პროექტების უმრავლესობა აფეთქებული ძრავის მქონე ავტომობილით იწყება, თუმცა აქ საქმე სხვანაირადაა. 911-ის 3.4-ლიტრიანი ძრავა, რომელიც ავტომობილების მოყვარულთა შორის შესაშური რეპუტაციით არ სარგებლობს, სიმპსონის მანქანაში მაინც კარგად გამოიყურება და ფუნქციონირებს კიდეც. ამის მიუხედავად, სიმპსონმა ავტომობილიდან ძრავა ამოიღო და ის მკვდარი ძრავის მქონე 996-ის მფლობელზე გაყიდა.

ძრავის გაყიდვიდან შემოსული თანხით, სიმპსონმა 2.4-ლიტრიან K24-ზე მუშაობა დაიწყო, რომელსაც დაუშვებელია სტანდარტული ეწოდოს. პროექტზე მუშაობისას 911-ის მფლობელმა Haltech 1500 Elite-ის ძრავის მართვის ბლოკი, BMW 335i-ის ინტერქულერები, სახლში დამზადებული შემშვები კოლექტორი და განახლებული საწვავის ტუმბოები გამოიყენა.

Kennedy Engineering Products-ის შუალედური ფირფიტის გადაბმულობის საშუალებით, Honda-ს ძრავა Porsche-ს გადაცემათა კოლოფს დაუკავშირდა. ძრავების გაცვლამდე, სიმპსონმა თავისი 911 დინამომეტრზე დატესტა. ქარხნულად 996-ის ძრავა 256 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, K24-ის დაყენების შედეგად კი, სიმძლავრე 500 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

K24 ძრავის შემცვლელთა შორის ფავორიტია, რადგან ის ხისტი, მარტივად რეგულირებადი და ამავდროულად, ბევრად ხელმისაწვდომი ვარიანტია. გარდა ამისა, პროექტის ფიასკოს შემთხვევაშიც, მისი აღდგენა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე თუნდაც ჩვენი 911-ის. დანარჩენს უკვე ვიდეოში ნახავთ. თქვენ რას ფიქრობთ პროექტზე? სწორი გადაწყვეტილება იყო Porsche-ს ძრავის K24-ით ჩანაცვლება თუ უპირატესობას მის ქარხნულ ვერსიას ანიჭებთ?

მსგავსი სიახლეები