ევროკავშირი დათმობაზე არ მიდის | ბენზინზე მომუშავე მანქანები აიკრძალება
2035 წლიდან, ევროკავშირი, ბენზინზე მომუშავე ახალი ავტომობილების წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ავტომწარმოებლები, სამიზნე თარიღის მოახლოებასთან ერთად, გეგმების შესრულებას ვერ ასწრებენ. ამის გამო, ავტომწარმოებლებისა და მათ შორის, სახელმწიფოების ნაწილმაც, თარიღის გადაწევა მოითხოვა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.
ამ კვირაში ევროკომისიამ 2035 წლიდან, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. სანამ ეს მოხდება, გამონაბოლქვის მოცულობა ათწლეულის ბოლომდე, მინიმუმ 55%-ითაც უნდა შემცირდეს. მაგრამ, ეს ყველაფერი შეიძლება მაინც შეიცვალოს: „კომისია მანქანებისა და ფურგონებისთვის CO2 სტანდარტების რეგულაციის განხილვის მომზადებაზე მუშაობასაც დააჩქარებს“.
2025 წლის გეგმის შესაბამისად, გამონაბოლქვი 2021 წელთან შედარებით 15%-ით დაბალი უნდა იყოს. ეს ცვლილება ბევრ კომპანიას მნიშვნელოვანი ჯარიმების რისკის ქვეშ აყენებს. მაგალითად, Volkswagen Group-ის გამოქვეყნებული შეფასებით, წლის ბოლოსთვის მას ჯარიმის სახით შესაძლოა 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ევროკავშირი ახალ შეღავათებზეც მუშაობს, რათა კომპანიებს რთული სიტუაციებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.
მათ შორის ევროკომისია CO₂-ის დაბალი მიზნების მისაღწევად ავტომწარმოებლებისთვის დამატებითი დროის მიცემას განიხილავს. ახალი რეგულაციების შესასრულებლად თარიღი 2025 წლიდან 2027 წლამდე გადავადდა. შესწორება ახლა მწარმოებლებს საშუალებას აძლევს თავიანთ მიზნებს სამი წლის განმავლობაში (2025-2027) მიაღწიონ. კომპანიებს აღარც მოცემულ წელიწადში, გამონაბოლქვის გადამეტებისთვის მოუწევთ ჯარიმის გადახდა. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მათი სამწლიანი საშუალო ზღვარს ქვემოთ დარჩება.
ევროკავშირი ავტომწარმოებლებს ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმის დაჩქარებაშიც დაეხმარება. წარმოების მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია €1.8 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი ბატარეებისა და ელექტრომობილებისთვის საჭირო სხვა კომპონენტების განვითარებას მოხმარდება. პარალელურად, ორგანიზაცია ბატარეის მასალების დამუშავების პროცესის დაჩქარებასაც ისახავს მიზნად და სურს, ახალი ბატარეების განვითარებისთვის დამატებითი 1 მილიარდი ევროც გამოყოს.