ევროკავშირი დათმობაზე არ მიდის | გაზზე მომუშავე მანქანები აიკრძალება
2035 წლიდან, ევროკავშირი, ბენზინზე მომუშავე ახალი ავტომობილების წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ავტომწარმოებლები, სამიზნე თარიღის მოახლოებასთან ერთად, გეგმების შესრულებას ვერ ასწრებენ. ამის გათვალისწინებით, ავტომწარმოებლებისა და მათ შორის, სახელმწიფოების ნაწილმაც, თარიღის გადაწევა მოითხოვა, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.
ამ კვირაში, ევროკომისიამ 2035 წლიდან, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. სანამ ეს მოხდება, გამონაბოლქვის მოცულობა ათწლეულის ბოლომდე, მინიმუმ 55%-ითაც უნდა შემცირდეს. მაგრამ, ეს ყველაფერი შეიძლება მაინც შეიცვალოს: "კომისია ასევე დააჩქარებს მუშაობას მანქანებისა და ფურგონებისთვის CO2 სტანდარტების რეგულაციის განხილვის მომზადებაზე".
ამავდროულად, ავტომწარმოებლები, დასახული მიზნების მისაღწევად, მხარდაჭერასაც მიიღებენ. 2025 წლის გეგმის შესაბამისად, გამონაბოლქვი 2021 წელთან შედარებით 15%-ით დაბალი უნდა იყოს. ეს ცვლილება ბევრ კომპანიას მნიშვნელოვანი ჯარიმების რისკის ქვეშ აყენებს. მაგალითად, იანვარში, Volkswagen Group-ის გამოქვეყნებული შეფასებით, წლის ბოლოსთვის მას ჯარიმის სახით შესაძლოა 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.
თუმცა, ევროკომისია გეგმავს ავტომწარმოებლებს მეტი დრო დაუთმოს CO₂-ის დაბალი მიზნების მისაღწევად. ახალი რეგულაციების შესასრულებლად მიცემული დრო ახლა 2025 წლიდან 2027 წლამდე გადავადდა. შესწორება მწარმოებლებს საშუალებას აძლევს თავიანთ მიზნებს სამი წლის განმავლობაში (2025-2027) მიაღწიონ. ავტომწარმოებლებს აღარც მოცემულ წელიწადში, გამონაბოლქვის გადამეტებისთვის მოუწევთ ჯარიმის გადახდა, თუ მათი სამწლიანი საშუალო ზღვარს ქვემოთ დარჩება.
ევროკავშირი ავტომწარმოებლებს ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმის დაჩქარებაშიც დაეხმარება. წარმოების მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია €1.8 მილიარდის გამოყოფას გეგმავს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი ბატარეებისა და ელექტრომობილებისთვის საჭირო სხვა კომპონენტების განვითარებას მოხმარდება. ასევე, ორგანიზაცია ბატარეის მასალების დამუშავების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად და სურს, ახალი ბატარეების განვითარებისთვის დამატებითი 1 მილიარდი ევროც გამოყოს.