მილიონერს არარსებული Mercedes-AMG ONE $5.4 მილიონად მიყიდეს
თაღლითობების შემთხვევები მზარდია და როგორც ჩანს, სკამერებისგან დაზღვეულნი არც მდიდარი ადამიანები არიან. ამის მაგალითი Revolve-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ მენტეა, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები, $5.4 მილიონი იზარალა.
ამ თანხად მენტემ არარსებული Mercedes-AMG ONE შეიძინა. თუმცა ეს ავტომობილი მას თანხის გადახდის შემდეგაც არ მიუღია. თუმცა როგორც ჩანს, საქმე ბევრად კომპლექსურ შემთხვევასთანაც გვაქვს, რადგან მენტე არც პირველი ადამიანი იყო, რომელსაც მსგავსი რამე შეემთხვა. მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ამ სქემის უკან არის, არის ტრევეონ როჯერსი, ტეხასის მკვიდრი კრიმინალური ისტორიით. გამომძიებელთა ინფორმაციით, როჯერმა თავი ფრანგული ავტომობილების დილერად გაასაღა და მენტესაც ყალბი პირადობით დაუკავშირდა.
მენტემ Mercedes-AMG One-ს ძებნა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. მაშინ, როჯერსის ადვოკატმა მას ორი პირი დაუკავშირა. როჯერსი, რომელიც ექსკლუზიური დილერის როლს ითავსებდა, ამტკიცებდა რომ თავისი გასაყიდი განყოფილება ჰქონდა. მენტე ავტომობილში $5.4 მილიონის გადახდას დათანხმდა იმის იმედად, რომ წარმოების დასრულების შემდეგ თავის სანატრელ მანქანას მიიღებდა. თუმცა ეს, ასე ნამდვილად არ მოხდა.
ამის ნაცვლად, მენტეს 2022 წელს აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისი ფული გაქრა, ხოლო ის დილერი, რომლისგანაც ავტომობილი შეიძინა არ არსებობდა. საქმის ერთადერთი რეალური მოწმე როჯერის ადვოკატია, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ თაღლითური სქემის შესახებ არაფერი იცოდა. მენტეს კი, თავის მხრივ, დაკარგული თანხის უკან მიღება სურს.
აღსანიშნავია, რომ როჯერი მსგავსი სახის თაღლითობაში მხილებული რამდენიმე წლის წინაც იყო. 2023 წელს, მან $3.19 მილიონად ასევე არარსებული AMG One გაყიდა. ახლა კი, პროკურატურა მას თაღლითობასთან ერთად რამდენიმე სხვა მძიმე დანაშაულსაც ედავება - მათ შორის საბანკო ამონაწერებისა და ხელშეკრულებების გაყალბებას.
რაც შეეხება ისტორიის მთავარ შემოქმედს: Mercedes-AMG ONE ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელია. მისი მხოლოდ 275 ერთეულია გამოშვებული. ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ჰიბრიდული 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ამ ავტომობილმა Mercedes-ის F1-ის მანქანიდან მიიღო. ელექტროძრავისა და ტურბოკომპრესორის საშუალებით, Mercedes-AMG ONE 1 048 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება. მოდელის თავდაპირველი ფასი $2.7მილიონს აღწევდა.