Mitsubishi, რომელსაც თავი Corvette ჰგონია
წლების წინ, მანამ სანამ Mitsubishi ხელმისაწვდომი ჰეტჩბეკებისა და SUV-ების წარმოებაზე ფოკუსირდებოდა, ის ბევრად უფრო საინტერესო და მომხიბლავ მანქანებს ქმნიდა. Eclipse, რომელიც Mitsubishi-ის მრავალფეროვანი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამ ტიპის ავტომობილებს განეკუთვნებოდა. ამჯერად თქვენ წინაშე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Eclipse-ია, რომელიც ერთი შეხედვით Chevy Corvette-ს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე საკუთარ თავს.
ეს Eclipse 2004 წლის მოდელია, რაც ნიშნავს რომ მესამე თაობას განეკუთვნება. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს Eclipse, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი კუპეს სერიის გამეორებაა, რომელიც პირველად 1989 წელს გამოვიდა. საბედნიეროდ, ავტომობილის კორპუსი თითქმის მთლიანად შეცვლილია და ახალი პანელებითაა გაფორმებული. ხოლო, თუ კაპოტქვეშ ან სალონში არ შეიხედავთ, იმის დადგენაც გაგიჭირდებათ, რომ ეს სინამდვილეში Mitsubishi-ია.
პირველი რაც თვალში გვხვდება ამ Eclipse-ის შეცვლილი წინა ნაწილია - ახალი კაპოტითა და მკვეთრი ბამპერით, რომელსაც შედარებით მასიური ზომის შემშვები აქვს დამონტაჟებული. ავტომობილში განსხვავებულია საგრძნობლად წვეტიანი ფორმის მაშუქებიც. ამას ემატება საბურავების უფრო ფართო თაღებიც, რომელიც მანქანის მფლობელს ბორბლების ახალი ნაკრების დაყენების საშუალებასაც მისცემს.
და იმის მიუხედავად, რომ მანქანის წინა ნაწილი Vette-ს მოგვაგონებს, უკანა მხრიდან Chevy-ის აშკარა გავლენაც შესამჩნევია. მათ შორის უკანა მაშუქები, ბამპერი, დიფუზორი და ცენტრალური გამონაბოლქვი სისტემა C7 Corvette-ის მსგავსია.
რაც შეეხება Eclipse-ის შესაძლებლობებს: მანქანის კაპოტქვეშ 3-ლიტრიანი ატმოსფერული V6 ძრავა გვხვდება, ნაცვლად 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანისა, რომელიც ამ მოდელში ქარხნულად გვხვდებოდა. შედეგად, ავტომობილი 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, სიმძლავრეს კი მის წინა ბორბლებზე ანაწილებს. განსხვავებით ამ ავტომობილის სხვა ნაწილებისა, სალონი ძირითადად სტანდარტული Eclipse-ია და მხოლოდ მცირე დეტალები აქვს დამატებული.
ამჯერად, ეს უნიკალური მოდელი გასაყიდადაა გამოტანილი და ახალ მფლობელს ელოდება. მანქანა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ახლანდელი მესაკუთრე მას $20 700-ად აფასებს.