მამაკაცმა ფოტოშოპის საშუალებით სამი BMW-ის მოპარვა სცადა
ენთუზიასტთა დიდი ნაწილი საყვარელი BMW-ის შესაძენად წლები თანხას აგროვებს, ანდაც ავტოსესხს მიმართავს. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც მარტივი გამოსავალი ურჩევნიათ და უმეტესად, თაღლითობის გზასაც ადგებიან. თაღლითობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და დოკუმენტების გაყალბება აღარც არავის უკვირს, თუმცა თითოეული საქმე მაინც ინდივიდუალურია.
ეს არის ზუსტად ის, რაც ახლახან ირლანდიაში მოხდა. 23 წლის მამაკაცი ყველანაირ ზღვარს გასცდა და თაღლითობით არა ერთი, არამედ სამი BMW-ის შეძენა სცადა. თავდაპირველად ავტომობილების შესაძენად კალუმ კერნი Ashford Motors-ის დაუკავშირდა. იმ ავტომობილების ღირებულება, რომელთა შეძენითაც კერნი იყო დაინტერესებული, შესაბამისად 90 000 და 55 000 ევრო გახლდათ. რა იყოს გეგმა? კერნიმ საბანკო გადახდები გააყალბა, რათა დილერები დაერწმუნებინა, რომ ამ მანქანების თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.
მისთვის სამწუხაროდ, გეგმამ სადილეროს თანამშრომლები შეცდომაში ვერ შეიყვანა. მათი მტკიცებით, თანხა არც მანამდე და არც ამის შემდგომ, მათ ანგარიშზე არ ჩარიცხულა. თავდაპირველი წარუმატებლობის შემდგომ, 23 წლის ახალგაზრდამ ბედი სხვა სადილეროებშიც სცადა. ამჯერად მან დაახლოებით 30 000 ევროს ღირებულების BMW-ის შეძენა დააპირა და იმავე ხერხს მიმართა. თუმცა ამჯერად შედარებით გაუმართლა: მან ავტომობილი ტესტდრაივზე წაიყვანა და უკან აღარც დაბრუნებულა. ამის შემდგომ, თაღლითმა ავტომობილის სანომრე ნიშნები გამოცვალა და მანქანაც თავისთვის დაიტოვა.
მაგრამ, „წარმატებით“ არც ეს შემთხვევა დასრულებულა. სამართალდამცველებმა თაღლითის კვალს მიაგნეს და გაჩერებული ავტომობილიც აღმოაჩინეს. კერნიმ, გამომძიებლებთან, ამ შემთხვევაშიც ყალბი სახელითა და გვარით წარსდგა და არწმუნებდა მათ, რომ ავტომობილი მინიმუმ 3-4 წელია უკვე მის საკუთრებაში იყო. თუმცა, სამართალდამცველებმა მისი ბრალეულობა მარტივად დაადგინეს და კერნი აიყვანეს. გამოკითხვის შემდგომ დადგინდა, რომ თაღლითი ავტომობილის ძრავის გაყიდვასაც გეგმავდა - დაახლოებით, 15 000 ევროდ.
ამ თვის დასაწყისში კერნის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე თაღლითი თავს ავტომობილებისადმი მისი დიდი სიყვარულით ამართლებდა და დანაშაულის ხელშემწყობ მიზეზებს შორის ბავშვობის ტრავმებსა და აუტიზმს ასახელებდა.