ფორმულა 1, ინოვაცია, მაკლარენი, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

McLaren-ის უახლესი ინოვაცია: კარბონის ლენტი სირთულეების დასაძლევად

ავტოინდუსტრიაში კარბონი წლებია აქტიურად გამოიყენება. შესაბამისად, ამ მიმართულებით უკვე რთულია რამემ გაგვაკვირვოს. თუმცა McLaren-ი კვლავ ინოვაციების ძიებაშია და ამჯერად, სწორედ მრავალგზის ნაცადი კარბონისგან  ლენტი შექმნა, რომელსაც McLaren-ის ინჟინრები კომპლექსური ნაწილების შესაქმნელად გამოიყენებენ. 


არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე McLaren-ს ეხება. F1-ის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ, რომ ეს უკანასკნელი ორმოც წელზე მეტია კარბონით გამაგრებულ პოლიმერებს ამზადებს. თუმცა McLaren-ი ლიდერობას მიჩვეულია და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაამტკიცოს, რომ ის ქმნის თამაშის წესებს და არა - სხვებს მიჰყვება. ამჯერად, ის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის ტექნიკის მიმართულებითაა პიონერი და ავტოინდუსტრიაში Automated Rapid Tape Carbon-ის (ან უბრალოდ ART carbon) დანერგვას იწყებს.

ART carbon-ი ინჟინრებს, ნაკლები მასალით, იმავე სიმტკიცის მქონე ნაწილების შექმნის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, შედეგი იქნება იგივე, რაც წარსულში, თუმცა ბევრად ცოტა მასალა დაიხარჯება. ეს კი, კომპანიის ხარჯებზეც დადებითად აისახება.

„საჰაერო-კოსმოსური ინდუსტრია წარმოების ულტრაზუსტ მეთოდებს იყენებს - უახლესი თაობის საჰაერო ხომალდებისა და გამანადგურებლების დამზადებისთვის. მეთოდი განსაკუთრებულად დიდი და კომპლექსური ნაწილებისთვის გამოიყენება, როგორებიცაა თვითმფრინავების ფრთები და ფიუზელაჟი. ამ სამუშაოს რობოტები ასრულებენ, რომლებიც კომპოზიტურ ლენტებს ფენებად ალაგებენ - განსხვავებით ძველი მეთოდისა, რომელიც  წინასწარ გაჟღენთილ მასალებს და ხელით მუშაობას საჭიროებდა.

ამ პროცესს, ავტომწარმოებელი ახლა McLaren's Composites Technology Center-ში ტესტავს. უზარმაზარი რობოტების ნაცვლად, McLaren-ი ფიქსირებულ „მკლავს“ იყენებს, რომელიც გარშემო საჭირო ნაწილების გადაადგილებაში ეხმარება. ეს ქმნის ჰიბრიდულ პროცესს, რომელიც ტრადიციულ კარბონის პროცესს 3D ბეჭდვის ელემენტებთან აერთიანებს. სპეციალურად შემუშავებული ხელსაწყოს საშუალებით, წარმოების პროცესიც ჩქარდება, თუმცა მისი ხარისხი ნარჩუნდება. 

McLaren-ის განცხადებით, პროცესი კომპანიის ინჟინრებისთვის მეტ თავისუფლებასაც უზრუნველყოფს. მათ ერთი მხრივ მეტი დრო უთავისუფლდებათ ახალ პროექტებზე სამუშაოდ, ამავდროულად კი მეტი კომპონენტი და მასალა დაიზოგება, რომელთაც შესაძლებელია მრავალფეროვანი გამოყენება მიეცეთ. McLaren-ის შეფასებით, ART-კარბონის სტრუქტურები მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდება ავტომობილებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები