ფორმულა 1, საკოლექციო მოდელი, კოლექცია, ფერარი, რედ ბული, ბერნი ეკლსტოუნი
Aa
Aa

Red Bull-ის მემკვიდრემ ეკლსტოუნის F1 მანქანების კოლექცია შეიძინა

გასულ წელს, Formula 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა სამყარო მისი არარეალური ავტომობილების კოლექციით გააოცა. ბრიტანელი ბიზნესმაგნატი ბერნი ეკლსტოუნი თავის კოლექციას ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. ჯამში მან 69 ავტომობილი შეაგროვა, მათ შორის 30 ერთეული Brabham-ი, რომლის F1 გუნდს ეკლსტოუნი 1972-დან 1988 წლამდე ფლობდა.

კოლექციის გასაჯაროებიდან მალევე, ეკლსტოუნმა ენთუზიასტების გაკვირვება კიდევ ერთხელ მოახერხა, როდესაც მისი მომნუსხველი კოლექცია გასაყიდად გამოიტანა. ამ მანქანების შემხედველს კი, არავის გაუკვირდება, რომ ახალი მფლობელიც მალევე გამოჩნდა. მაგრამ, ეკლსტოუნს ფული ნამდვილად ნაკლებად ადარდებდა. მისთვის მთავარი იყო კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში ინახავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ნამდვილი ენთუზიასტის ხელში გადასულიყო.


„ამ ავტომობილებს 50 წელზე მეტია ვაგროვებ და თითოეული მათგანის საუკეთესო ვერსია მაქვს შეძენილი. მაშინ, როდესაც ბევრ კოლექციონერს სპორტული მანქანების ინტერესი აქვს, მე ყოველთვის გრან-პრისა და F1-ის მოდელები მიზიდავდა. თითოეულ მათგანს გამორჩეული სარბოლო ისტორია აქვს და ისინი, ხელოვნების ნიმუშებია. მე ყველა ჩემი მანქანა მიყვარს, თუმცა დავიწყე ფიქრი, თუ რა მოუვათ მათ, როდესაც აღარ ვიქნები. ამიტომ, ამდენი წლის შემდეგ, მათი გაყიდვა მაინც გადავწყვიტე“.

ეკლსტოუნის კოლექციაშია 17 საკულტო Ferrari, მათ შორის Dino 2460. 94 წლის მილიარდერის საკუთრებაშია Ferrari 375 F1 - პირველი Ferrari, რომელმაც F1-ის რბოლაში გამარჯვება მოიპოვა და 2002 წლის Ferrari F2002, რომელსაც მიხაელ შუმახერი მართავდა.


Reuters-ის ცნობით, ეკლსტოუნის კოლექცია Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცმა შეიძინა. შესყიდვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. თუმცა The Daily Mail-ის ინფორმაციით, ლოტი დაახლოებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული, რაც არსებული კურსით 646 მილიონ დოლარის ეკვივალენტია.

„ისინი [ავტომობილები] კარგ ხელშია. მალე ისინი, რომელიმე მუზეუმს დაამშვენებენ, რაც ყველა ენთუზიასტს ამ უნიკალური კოლექციის ნახვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ეკლსტოუნმა.

მსგავსი სიახლეები