Toyota-მ RAV4-ის წარმოება უკვე მეორედ შეაჩერა | მიზეზი აფეთქებებია
ბოლო პერიოდში უკვე მეორედ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, RAV4-ის წარმოება შეაჩერა. მიზეზი იაპონიაში, Toyota-ს მიმწოდებელი კომპანიის, Chuo Spring-ის ქარხანაში მომხდარი აფეთქებაა, რომლის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა, ორი კი - დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე მოხდა, მტვრის შემგროვებელმა დანადგარმა გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით, Toyota-მ განცხადება უკვე გაავრცელა. კომპანიის მიმართვაში ნათქვამია, რომ აფეთქების მიზეზით, იაპონიაში სამ საწარმოო ხაზზე მუშაობა შეჩერდება. აქედან ერთ-ერთი Takaoka-ს ობიექტია, რომელშიც RAV4 და Harrier-ი იწარმოება. საბედნიეროდ, შეფერხება მცირეხნიანია და ობიექტები რამდენიმე დღეში წარმოებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
ცნობისთვის, Toyota-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში, RAV4-ების თითქმის მეხუთედი იაპონიიდან შეაქვს. და მიუხედავად იმისა, რომ წარმოებები მხოლოდ მცირე დროით ჩერდება, ეს პროცესი მოდელის იმპორტსა და გაყიდვებზე გავლენას მაინც ახდენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ RAV4-ის წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება კომპანიამ ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მიიღო.
"გამთენიისას აფეთქების ხმა გავიგეთ, შემდეგ კი კვამლი დავინახეთ", განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დასაქმებულმა მომხდარის შემდგომ. ადგილზე მისულ ბრიგადას, ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით სამი საათი დასჭირდათ. როგორც გითხარით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. დაზიანდა შენობაც, მათ შორის ობიექტის სახურავი და გარე კედელი.
მტვრის შემგროვებელი დანადგარი Chuo Spring-ს ქარხანაში აფეთქდა. Chuo Spring-ი Toyota-სთვის სამუხრუჭე და გამწოვ კაბელებს ქმნის, ეს პროცესი კი, დიდი რაოდენობით წვრილ ლითონის მტვერს წარმოქმნის. აფეთქების მიზეზი შესაძლოა სწორედ წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები გამხდარიყო, რომელთა შენახვაც სწორი კონცენტრაციით ვერ მოხერხდა.
ამავე ქარხანაში აფეთქება 2023 წლის ოქტომბერშიც მოხდა. მაშინ, მომხდარის შედეგად Toyota-ს საწარმოო ხაზის 13 თანამშრომელი დაშავდა. აფეთქების შემდეგ მცირე ხნით შეჩერდა, როგორც RAV4-ის, ასევე Land Cruiser-ის წარმოება. წლევანდელი ინციდენტის მსგავსად, Toyota-მ მუშაობა 10 დღეში განაახლა.