შიგაწვის ძრავა, ჩინეთი, ელექტრომობილები, ჰონდა, ტესლა მოდელ უაი, ჰონდა ეს7
Aa
Aa

Honda ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას მინიმუმამდე ამცირებს

Honda-ს ჩინეთში რთული წელი ჰქონდა. 2024 წელს, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 852 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 31%-ით დაბალი მაჩვენებელია. შედეგად, უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩინეთში კომპანიამ მილიონ ერთეულზე ნაკლები ავტომობილის გაყიდვა მოახერხა.

კლება ნაწილობრივ ადგილობრივი კომპანიების მხრიდან მზარდი კონკურენციისა და ქვეყანაში, შიგა წვის ძრავების ავტომობილებზე მოთხოვნის კლების დამსახურებაა. ამის  საპასუხოდ, Honda-მ, კუანდონგის პროვინციაში წარმოების განახევრებისა და ელექტრომობილების წარმოებაზე აგრესიულად გადასვლის პოლიტიკა შეიმუშავა.


გასულ წელს, ჩინეთში გაყიდული ავტომობილების თითქმის 40% ეკომეგობრულ ავტომობილებზე მოდიოდა. ამ მხრივ ლიდერი BYD-ია, ჩინური კომპანია, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 3.83 მილიონი სამგზავრო ავტომობილი გაყიდა. ყველა მათგანი ან ბატარეაზე მომუშავე, ან ჰიბრიდული დანამატის ელექტრომობილი გახლდათ. BYD-ის წილი ჩინეთის ავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს, ძირითადად, ძველი ბრენდების, მათ შორის Honda-ს ხარჯზე მოხდა.


ელექტრიფიცირებულ მანქანებზე დიდი მოთხოვნის გამო, კომპანია Dongfeng Honda Engine ქარხანაში საწარმოო ხაზს თვის ბოლოსთვის შეაჩერებს. ეს ნაბიჯი, ფირმის ერთობლივ საწარმოო მოცულობას 520 000 ერთეულიდან, 260 000-მდე გაანახევრებს. შემცირების უმსხვილესი წილი ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მოდის, სამაგიეროდ კი, კომპანია ელექტრომობილებსა და სხვა, შედარებით ეკომეგობრულ მოდელებს შეინარჩუნებს. 

ჩინეთის ბაზრისთვის, Honda-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი სრულად ელექტრო S7 იქნება. კომპაქტური SUV ამერიკული Tesla Model Y-ის, Onvo L60-ისა და Zeekr 7X-ის პირდაპირი კონკურენტია. მოდელი 90 კვტ/სთ-ის ბატარეითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 650 კილომეტრს ფარავს. ავტომობილის ადგილობრივი ფასი $36 000 იქნება.

მსგავსი სიახლეები