რუსეთში იმპორტირებული მეორადი მანქანების 7.5% საქართველოზე მოდის
მაშინ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფაქტობრივად, განულებულია, [სანქციების გამო] სხვას ამბობს რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ მონაცემები. მათი კვლევით, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთში მეორადი ავტომობილების 7.5% საქართველოდან შევიდა, ხოლო ახლების შემთხვევაში წილი 0.8%-ს შეადგენდა. ამავე ორგანიზაციის კვლევით, იანვარში ძველ ავტომობილებში საქართველოს წილი 5.9%-ს იყო. რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მხოლოდ თებერვალში რუსეთში საქართველოდან 1 388 ერთეული მეორადი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა.
რუსეთში ახალი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მეექვსე ადგილზეა. თებერვლის იმპორტში საქართველოს წილმა 0,8% შეადგინა, რაც მეხუთე ადგილზე მყოფი სამხრეთ კორეის წილის ანალოგიური მაჩვენებელია.
რაც შეეხება მეორად, ანუ ავტომობილებს გარბენით, ამ იმპორტში საქართველოს წილმა 7,5% შეადგინა და იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. ორჯერ და უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლით ქვეყანა ბელარუსს უსწრებს. თებერვალში რუსეთში ყველაზე მეტი ახალი ავტომობილი ჩინეთიდან შევიდა, რომლის წილმაც იმპორტში, თითქმის, 81% შეადგინა. მეორე ადგილზე ყირგიზეთია (6,6%), ხოლო სამეულს ბელარუსი ხურავს (5,2%).
რუსეთში ახალი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სია ასეთია: (2025 წლის თებერვალი)
- ჩინეთი - 80,9%
- ყირგიზეთი - 6.6%
- ბელარუსი - 5.2%
- ყაზახეთი - 1.9%
- სამხ. კორეა - 0.8%
- საქართველო - 0.8%
- თურქეთი - 0.7%
- იაპონია - 0.7%
- სხვები - 2.4%
რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების სია ასეთია: (2025 წლის თებერვალი)
- იაპონია - 53.4%
- სამხ. კორეა - 20,0%
- ჩინეთი - 9.6%
- საქართველო - 7.5%
- ბელარუსი - 3.0%
- გერმანია - 1.8%
- აშშ - 0.7%
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 0.8%
- სხვები - 3.1%
წყარო: bpn.ge