Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორი ნამდვილი ავტომოყვარულია
ეს შესაძლოა ზუსტად ის არის, რაც Nissan-ს სჭირდებოდა.
Nissan-ი ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა. გაკოტრების პირას მისულ კომპანიას მის პირდაპირ კონკურენტ Honda-სთან შერწყმის გეგმებიც ჩაეშალა. ყოველივე ამის შემდგომ, Nissan-ში ჩათვალეს, რომ ავტომწარმოებელს ახალი სისხლი სჭირდებოდა და ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილებამდეც მივიდნენ.
ბევრის აზრით, ეს ზუსტად ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ასეთ რთულ დროს, Nissan-ს სჭირდებოდა. კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ივან ესპინოზა გახლავთ და ერთი წინადადებით თუ ვიტყვით, ის ავტომობილების ღირსეული ენთუზიასტია.
ესპინოზა Nissan-ის გუნდს 2003 წელს შეუერთდა. მას შემდგომ, ის კომპანიის გლობალური სტრატეგიული ვიცე-პრეზიდენტისა და დაგეგმარების მთავარი ოფიცრის პოზიციებს იკავებდა. Nissan-ში გატარებული 22 წლის გათვალისწინებით, ესპინოზა თანაგუნდელებს შორის ფართოდაა აღიარებული, როგორც ნამდვილი car guy.
„ესპინოზა ჯერ მხოლოდ 40 წლისაა და ის სავსეა ენერგიითა და ენთუზიაზმით. ის ასევე ნამდვილი ავტომოყვარულია“, - განაცხადა Nissan-ის მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ თავის მემკვიდრეზე.
მართვის სადავეებთან ნამდვილი ენთუზიასტის ყოფნა Nissan-ისთვის კარგი ამბავია. ავტომწარმოებელმა ცოტა ხნის წინ თავისი საკულტო GT-R-ის წარმოება შეწყვიტა და ამჟამად, მხოლოდ ერთი მაღალი წარმადობის მოდელის, Nissan Z-ის იმედადაა დარჩენილი.
Top Gear-თან 2024 წლის ინტერვიუში ესპინოზამ კომპანიის გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Nissan-ს Z-სა და GT-R-თან ერთად ახალი სპორტული (დიდი ალბათობით ელექტრო) ავტომობილიც სჭირდებოდა. მისი მთავარი ოცნება კი, Silvia-ს ხელახლა გაცოცხლება გახლდათ.
თუმცა ესპინოზას პირველ და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე Nissan-ის „მწყობრში მოყვანა“ გახლავთ. ესპინოზა ოფიციალურად პოსტს 2025 წლის პირველ აპრილს დაიკავებს და რთულ საქმიანობასაც შეუდგება.