ჩინეთის წინააღმდეგ ევროპის მთავარი იმედი გაკოტრდა
კომპანია, რომელიც ერთ დროს, ევროპისთვის ელექტრიფიკაციის სტრატეგიის მთავარ შემოქმედად ითვლებოდა, მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. Northvolt-მა ამ კვირაში გაკოტრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. თუმცა ევროპულმა კომპანიამ სასამართლოში განაცხადი Chapter 11-ის ფორმით შეტანა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მის ფინანსურ მდგომარეობას აღიარებს, მაგრამ მოვლენების გამოსწორების იმედით, მუშაობას განაგრძობს.
Northvolt-ში მეწილეთა შორის Volkswagen-ი და Goldman Sachs-ი არიან. აქედან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად გაკოტრების შესახებ განაცხადი კომპანიამ შვედეთში წარადგინა და გადაწყვეტილება მის ამერიკულ და გერმანულ ოპერაციებს არ შეეხება.
ფინანსური პრობლემების წარმოქმნასთან ერთად, Northvolt-ის შემცვლელის ძებნა ბევრმა ავტომწარმოებელმა დაიწყო. რამდენიმე მფლობელმა კომპანიაში თავისი წილიც კი ჩამოწერა. ალტერნატივების ძებნა დაიწყო Porsche-მაც, ხოლო Scania-მ თავისი სატვირთო მანქანებისთვის ბატარეების ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი Porsche-სა და Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმაც გააკეთა. ბლუმს Northvolt-ში შექმნილ ფინანსურ მდგომარეობაზე კონკრეტულად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ბატარეების შიდა წარმოება კვლავ მნიშვნელოვანია.
Northvolt-ი ევროპული ავტომწარმოებლებისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. კომპანიებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ Northvolt-ის წარმოება გარე აქტორებზე დამოკიდებულებას შეამცირებდა. მთავარი ამ მხრივ ჩინეთია, რომლის ბატარეების მწარმოებლები - მათ შორის CATL-ი და BYD - ევროპის მთავარ მომწოდებლებს შორის არიან.
ცნობისთვის, Tesla-ს ყოფილმა აღმასრულებელმა და Northvolt-ის თანადამფუძნებელმა პიტერ კარლსონმა Northvolt-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ნოემბერში, გაკოტრების შესახებ განაცხადის წარდგენამდე დატოვა. მისი შეფასებით, კომპანიას არსებული ფინანსური გამოწვევების აღმოსაფხვრელად $1.2 მილიარდზე მეტი სჭირდებოდა.