ერთ დროს მსოფლიოს უსწრაფესი მანქანა საწყის ფასზე 41-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა
Ruf-მა წლების განმავლობაში არაერთი საკულტო ავტომობილი შექმნა, თუმცა არცერთი ყოფილა ისეთი დამამახსოვრებელი, როგორიც ეს ქარხნული CTR. თქვენ შესაძლოა ამ მოდელს Yellowbird-ის სახელით უფრო იცნობდეთ და თუ ასეა, მაშინ, არც ამ ავტომობილში გადახდილი თანხა გაგაკვირვებთ.
თქვენ წინაშე Yellowbird-ია, შედარებით მოკრძალებული Porsche 911-ის დიზაინის მქონე მოდელი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი გახლდათ. მანქანა 342 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა და Ferrari F40-სა და Porsche 959-საც უკან იტოვებდა. სწორედ ეს მოდელი, გასულ კვირას, Gooding&Company-ზე $6 მილიონად გაიყიდა.
მოდელის მხოლოდ 29 ერთეული შეიქმნა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს მის უნიკალურობასა და მდიდრულობას უსვამდა. ეს კონკრეტული Ruf CTR Yellowbird-ი, შასის ნომრით 26, ერთ-ერთი იყო იმ ცხრა მოდელიდან, რომლისთვისაც გამორჩეული ყვითელი ელფერი შეირჩა. სწორედ ამ ფერის გამო ეწოდა CTR-ს ეს მეტსახელიც. მოდელი Leichtbau-ის პაკეტითაა დაკომპლექტებული, რაც ნიშნავს, რომ კაპოტი, კარები და წინა მაშუქები მსუბუქი ალუმინისგანაა დამზადებული. ამას ემატება Recaro-ს სავარძლები და Blaupunkt-ის აუდიოსისტემა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ ავტომობილს ენთუზიასტებისთვის მეტად მომხიბვლელს ხდის, მისი კილომეტრაჟია. მოდელს მხოლოდ 1 600 კილომეტრი აქვს დაფარული და თითქმის სრულად ახალივით გამოიყურება. უნდა ითქვას ისიც, რომ Yellowbird-ს ძალიან ბევრი, ორიგინალი აქსესუარიც მოჰყვება, როგორებიცაა: მფლობელის სახელმძღვანელო, ხელსაწყოების ნაკრები, საბურავის გასაბერი, საგარანტიო წიგნი.
რაც შეეხება ამ ავტომობილის შესაძლებლობებს: მარტივად რომ ვთქვათ, Ruf-მა 1987 წლის Porsche 911 Carrera 3.2 აიღო და მისი ძრავა სრულად განაახლა. ავტომობილი ახლა 6-ცილინდრიანი 3.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, დამატებული აქვს ტურბინები და ინტერკულერები. განახლებების შედეგად, Ruf-ი 463 ცხენის ძალას და 553 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავის სიმძლავრეს კი, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ავტომობილის საწყისი ფასი, მისი გამოშვების თარიღისთვის, $147 000-ს უდრიდა. ახლა კი, ინფლაციის გათვალისწინებით, $400 000-მდეა გაზრდილი. თუმცა აუქციონზე, მან ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ეს მოდელი Gooding&Company-ის მიერ $6.1 მილიონად გაიყიდა. შედეგად გამოდის, რომ ახალ მფლობელს Yellowbird-ი მის საწყის ფასზე 41-ჯერ უფრო ძვირი დაუჯდა - თუმცა, როგორც ჩანს მას ეს ფასი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.