ბიემვი, ბიემვი მეხუთე სერია, ბიემვი ემ5, ბიემვი ნოიე კლასე, ნოიე კლასე
Aa
Aa

BMW-ის ახალი მეხუთე სერია Neue Klasse-ის ეპოქას უერთდება

გასულ თვეში, ე.წ. პაპარაცებმა ქუჩებში ფეისლიფტირებული 2027 წლის BMW M5 დააფიქსირეს. ახლა კი, ამ სერიის მთავარი სედანის ფოტოებიც შემოგვთავაზეს. პირველი, რაც ამ მოდელის დანახვისას თვალში გვხვდება მისი სრულად შეცვლილი წინა ნაწილია. ეს კი არ გაგიკვირდებათ და Neue Klasse-ის გავლენაა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მეხუთე სერიაც Neue Klasse-ის ეპოქას უერთდება.

BMW-ის ცნობილი თირკმლისებრი ცხაური, რომელიც ბევრს ასე ძალიან არ უყვარდა, გზას უკვე ახალ დიზაინს უთმობს. განახლებული ცხაური, ასევე შეცვლილი ფორმის მქონე წინა მაშუქებს უერთდება და ერთიანობაში, Vision Neue Klasse-ის სტილსაც გვახსენებს. ცხაური ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა, თუმცა არც სხვა დეტალები უნდა დაგვრჩეს შეუმჩნეველი, რომელთა შორისაა განახლებული ბამპერიც, შუაში დამონტაჟებული შემშვებით.

დიზაინის დარჩენილი ნაწილი უფრო მეტად ევოლუციურია და ბრენდის ტრადიციულ სახეს ასახავს. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ მოდელში ახალ უკანა მაშუქებსა და განახლებულ უკანა ბამპერსაც ვიხილავთ.

რაც შეეხება ინტერიერს, ის კვლავ საიდუმლოდ რჩება. მეხუთე სერიის შიდა სივრცის გადაღება, ამჯერად, ფოტოგრაფებმა ვერ მოახერხეს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანელები ამ მოდელში პანორამულ iDrive-ს და ოპერაციულ სისტემა X-ს გამოიყენებენ, რომელიც BMW-იმ CES-ის ღონისძიებაზეც წარგვიდგინა.


კონფიგურირებადი ეკრანი, რომელიც საქარე მინის ქვემოთაა განთავსებული, სექციებად იყოფა და ცენტრალურ საინფორმაციო-გასართობ სისტემას უერთდება. დამატებით, სალონი ახალი მრავალფუნქციური საჭითაც იქნება აღჭურვილი, რომელიც iDrive კონტროლერს ჩაანაცვლებს.

კაპოტქვეშ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარგად ნაცნობი და განახლებული ძრავების ნაზავი დაგვხვდება. მათ შორის იქნება 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი ტვინტურბო, რომელიც 255 ცხენის ძალას და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტვინტურბოს გამოყენებით, შესაძლოა სიმძლავრე 393 ცხენის ძალამდე და 580 ნიუტონ მეტრამდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები