აშშ-ის ტარიფების გამო BMW მილიარდობით დოლარს იზარალებს?
ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკაზე, ჩინეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე გაზრდილ ტარიფებს აწესებს. გაზრდილი გადასახადები, დიდი ალბათობით, გავლენას ავტომობილთა ფასებზე იქონიებს. ამავდროულად, მაღალია შანსი, რომ ავტომწარმოებლებს ტარიფების შესაბამისად თავიანთი გეგმების გადაწყობაც მოუწევთ, რათა დიდი ხარჯისგან თავი დაიზღვიონ.
ავტომწარმოებელთა ნაწილმა აშშ-ის ტარიფების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. მათ შორის იყვნენ ამერიკული მწარმოებლები, Ford-ი და Stellantis-ი, რომელთაც ხელისუფლებას გადასახადების ამოქმედების გადავადების თხოვნით მიმართეს. მათი მოთხოვნა 1 თვით დაკმაყოფილდა კიდეც. ამის მიუხედავადაც, შეშფოთებები იზრდება და ახლა უკვე, შესაძლო ზარალთან დაკავშირებით განცხადება უკვე BMW-მ გამოაქვეყნა.
პრემიუმ ავტომობილების მწარმოებლის პროგნოზით, 2025 წლისთვის მოგების მარჟა მხოლოდ 5-7% იქნება. ეს ითვალისწინებს ტარიფებს, როგორც ჩინეთიდან და მექსიკიდან იმპორტზე, ასევე ალუმინისა და ფოლადის შემთხვევაში გაზრდილ გადასახადებსაც. შედეგად, შემცირებული მარჟის გავლენით, BMW ვარაუდობს, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 1 მილიარდ ევროს დაკარგავს.
მიუხედავად ამისა, გერმანული კომპანია მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და ელოდება, რომ 25%-იანი ტარიფები მთელი წლის განმავლობაში არ შენარჩუნდება: „სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, ჩვენი პერსპექტივაც შეიცვლება“. თუმცა, ამ ტარიფების გარეშეც, BMW შესაშურ მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო.
მაგალითისთვის, 2024 წელს, BMW-ისთვის წმინდა მოგების ზედიზედ მესამე კლება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 7.68 მილიარდ ევრომდე დავარდა. მხოლოდ მეოთხე კვარტალში კი, მოგების ვარდნამ 41% შეადგინა. კლება ძირითადად ჩინეთსა და გერმანიაში გაყიდვების დაბალ მაჩვენებელსა და მიწოდების პრობლემებს უკავშირდებოდა.
ახლა ამას ტარიფებიც დაემატა. BMW-ისთვის კი სიტუაცია ორმაგად მძიმეა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანია მთავარ სავაჭრო ომშია მოქცეული. BMW აშშ-ში წარმოებულ მანქანებს ჩინეთში აგზავნის, ჩინეთიდან აშშ-ში კი, მანქანის ნაწილები და კომპონენტები გადააქვს. ასე რომ რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რას მოიმოქმედებს მომავალში ავტომწარმოებელი.