ამ სპორტულ ავტომობილებს „ბუმბულის“ წონა აქვთ და ორივე ელექტროა
ძლიერი ბატარეები და ელექტროძრავები საუკეთესო არჩევანი კლასიკური, მსუბუქი და თანაც, ბრიტანული სპორტული ავტომობილების შესაქმნელად ნამდვილად არაა. თუმცა ამ კომპანიამ ძველ სკოლას საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დამტკიცების საშუალება მისცა და ორი, ძალიან მსუბუქი სპორტქარის შექმნაც განიზრახა.
თქვენ წინაშე ორი ელექტრომობილია. ორივე მათგანი ბრიტანულ კომპანია Longbow-ს ეკუთვნის და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მაშინ ისინი დღის სინათლეს 2026 წელს იხილავენ. Speedster-ი და Roadster-ი, როგორც მათ კომპანია უწოდებს, ელექტრო სპორტული ავტომობილებია და ორივეს „ბუმბულის წონა“ ექნება.
რას გულისხმობს კონკრეტულად ე.წ. „ბუმბულის წონის“ სპორტქარი? კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზით, ავტომობილებით 2 200 ფუნტზე, ანუ 1 000 კილოგრამზე ნაკლებს იწონიან. სამყაროში, რომელშიც BMW M5 2.5 ტონას იწონის, ეს ნამდვილად შესანიშნავი მაჩვენებელია. რეალურად, სახურავის გარეშე, Longbow Speedster-ის წონა 895კგ იქნება, Roadster-ი კი, თავისი ფიქსირებული სახურავის გამო, შედარებით მძიმე იქნება.
ელექტრომობილები მსუბუქი ალუმინის შასზე დამზადდება. კომპაქტური ელექტროძრავებისა და ბატარეების დახმარებით, ელექტრომობილები 0-დან 100-მდე 4 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდებიან. წინასწარი პროგნოზებით, Speedster-ი და Roadster-ი ერთი სრული დამუხტვით 440 კილომეტრზე მეტს დაფარავენ.
ამ ელექტრომობილების საწყისი ფასი Roadster-ისთვის 64 995 ₤-დან, ხოლო Speedster-ისთვის 84 995 ₤-დან დაიწყება. არსებული გაცვლით კურსით, ეს დაახლოებით $85 000-დან $110 000-მდეა, რაც დაგვეთანხმებით იაფი ნამდვილად არაა. შეზღუდულია წარმოების რაოდენობაც. Longbow-ი თითოეული ელექტრომობილის 150 ეგზემპლარად გამოშვება გეგმავს.
ელექტრომობილების შესაძლებლობებზე ამ ეტაპზე ყველა დეტალი საიდუმლოდ რჩება. ამ დროისთვის Speedster-ი და Roadster-ი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა Longbow-ის სამივე დამფუძნებელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ არსებული ბაზრის გამოყენებითაც, ულტრამსუბუქი ელექტრო სპორტული მანქანების შექმნა შესაძლებელია.