გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება.
17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით.
18 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით.
19 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან, მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულებით.
წყარო: bpn.ge