ისეთივე სისწრაფით, როგორც ბენზინით შევსებისას: ეს BYD-ის ახალი ინოვაციაა
ჩინური BYD შიგა წვის ძრავების მფლობელთა გულის მოგებას და მათ გადმობირებას ცდილობს. ამისათვის, კომპანიას ახალი მიზანი აქვს და ის, ახალი ტექნოლოგიით, ახლა არამხოლოდ ბაზარზე მყოფ სხვა ელექტრომობილებს, არამედ ტრადიციულ, ბენზინზე მომუშავე მოდელებსაც უწევს კონკურენციას.
თქვენ წინაშე BYD-ის უახლესი განაცხადია: ეს ახალ, Super E-Platform-ზე დაფუძნებული ელექტრომობილის გეგმაა, რომელიც ისევე სწრაფად დაიმუხტება, რა დროც საწვავის ავზების ბენზინით შევსებას სჭირდება. ინოვაციური არქიტექტურა, რომლის ბაზაზეც ავტომწარმოებელი ახალ მოდელებს შექმნის, BYD-მ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
BYD-ის Super E-Platform-ი ელექტრომობილებისთვის 1 000-ვოლტიან არქიტექტურას უზრუნველყოფს. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ელექტრომობილები 1 000 კვტ-ის სიმძლავრით დაიმუხტება. სულ რაღაც 5-წუთიანი დამუხტვის საშუალებით, BYD-ის ახალი ელექტრომობილები დამატებით 400 კილომეტრის დაფარვას მოახერხებენ. გამოდის, რომ მანქანებში ბენზინის ჩასხმას და ამ ელექტრომობილის დამუხტვას ერთი და იგივე დრო სჭირდება. 400 კილომეტრზე კი შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილდეთ.
ელექტრომობილების ყველაზე დიდი მოძულეებიც ალბათ აღიარებენ, რომ ეს შესაშურად სწრაფი შედეგია. დასავლეთის ქვეყნებში ელექტრომობილების უმეტესობა კვლავ 400 ვოლტიანი ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც მაქსიმუმ 200 კვტ-ის „გამოწურვა“ თუ შეუძლია. Hyundai-Kia-ს E-GMP პლატფორმაზე დაფუძნებული მოდელებს შემთხვევაში 800-ვოლტიან სისტემასაც ვხვდებით, თუმცა ისინიც მაქსიმუმ 350 კვტ-ით დამუხტვისთვის არიან გათვლილნი.
აღნიშნულ განცხადებამდე, BYD-ის დამფუძნებელმა ჩინეთის მასშტაბით, 4 000-ზე მეტი 1-მეგავატიანი დასამუხტი წერტილის დამატების პირობაც დადო. თუმცა გეგმის განხორციელებისთვის კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.
დასავლეთის ქვეყნებშიც კი, 350 კვტ-იანი ავტომობილების მფლობელებმაც იციან, რომ მათი 800-ვოლტიანი ელექტრომობილები დამუხტვის სრულ პოტენციალს არ იყენებენ. ასე რომ, BYD-ითვის 1-მეგავატიანი დასამუხტი სადგურების დამატება მოგებიანი იქნება. თუმცა ადვილი არ იქნება: ეს უკანასკნელი უფრო რთული და ძვირია, ვიდრე 50 კვტ სიმძლავრის პატარა ერთეულის დამატება და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის განახლებასაც საჭიროებს.
იმავე ღონისძიებაზე, BYD-მ Han L-სა და Tang L-ის ელექტრომობილებიც წარადგინა, რომლებიც სწორედ Super E-Platform-ზეა დაფუძნებული. Han-ის სედანისა და Tang-ის SUV-ის ერთძრავიანი მოდელები $40 000-ზე ნაკლები ღირს და 670 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, ხოლო ორძრავიანი AWD ვერსიების შესაძლებლობები 1 086 ცხენის ძალამდე იზრდება.