BYD-ის კიდევ ერთი ქარხანა ევროპაში | სად აშენდება ობიექტი?
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD ევროპაში კიდევ ერთ, რიგით უკვე მესამე საწარმოო ქარხნის მშენებლობას იწყებს. დასავლური გამოცემების ცნობით, BYD-ის ახალი ობიექტი გერმანიაში აშენდება. ცნობისთვის, BYD-ის საწარმოო ქარხნები უნგრეთსა და თურქეთში უკვე მოქმედებს.
აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სტელა ლიმ ამ თვის დასაწყისში Automobilwoche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ევროპაში მესამე ობიექტის გახსნას განიხილავს, რომელიც ოპერირებას მომდევნო ორი წლის პერიოდში დაიწყებს. მაშინ, BYD-ის ხელმძღვანელს კონკრეტული ლოკაცია არ დაუსახელებია, თუმცა დიდი ალბათობით, საუკეთესო არჩევანი გერმანია იქნება. ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
არიან ისეთებიც, რომლებიც BYD-ის ახალი ქარხნის ლოკაციად გერმანიის შერჩევას გამორიცხავენ. ამის მიზეზად, ისინი რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის: მაღალი ხარჯები, როგორც მუშახელის ხელფასებისთვის, ასევე ელექტროენერგიისთვის, პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებელი და ა.შ BYD-ის ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, კომპანია ევროპულ გიგანტებს შორის თავის დამკვიდრებას დიდი გეგმებით ცდილობს და სურს, ბაზრისგან აღიარებაც მალე მოიპოვოს.
ჩინური გიგანტის ახალი ინვესტიცია მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე თავად კომპანიის სამომავლო გეგმებისა და ხარჯებისთვის. ერთი მხრივ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპიდან იმპორტირებულ მანქანებზე აწესებს ტარიფებს, ევროკავშირის მაღალი გადასახადების სამიზნე ჩინეთი გახდა. გამომდინარე აქედან, ჩინურ კომპანიებს ურჩევნიათ კიდეც, მათი წარმოება ევროპაში გადმოიტანონ და დამატებით გადასახადებისგანაც თავი აირიდონ.
ევროკავშირმა ჩინურ მანქანებზე მაღალი გადასახადი გაზრდილი კონკურენციის გამო დააწესა. მოგეხსენებათ, ჩინური წარმოების ელექტრომობილები შედარებით ხელმისაწვდომია, განსხვავებით ევროპის ნაწარმისგან. ეს ჩინურ საქონელზე მოთხოვნას ზრდის, შიდა წარმოების მანქანების გაყიდვებს კი მნიშვნელოვნად ამცირებს. ევროპა ამას არასამართლიან კონკურენციის უწოდებს და შესაბამის ზომებსაც მიმართავს.