BMW-ის მეშვიდე სერიის საწვავის ტუმბო მანქანის ღირებულებაზე ძვირია
დროის გასვლასთან ერთად, ავტომობილების ღირებულებაც უფასურდება. თუ საქმე საკოლექციო მოდელებთან არ გვაქვს, ხშირ შემთხვევაში წლების შემდგომ მათი ფასი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე საწარმოო ქარხნის დატოვებისას იყო. თუმცა ავტომობილების ფასის ვარდნა, როგორც ჩანს, მანქანის ზოგიერთ ნაწილს არ ეხება. თუ ეს სიმართლე არაა, მაშინ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთ პლატფორმაზე 2006-2009 წლების BMW 760-ის საწვავის ტუმბო $15 000-ადაა გასაყიდად გამოტანილი.
მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 760, BMW-ის საწარმოო ხაზში ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. რა თქმა უნდა მის გამორჩეულობას მოდელის იშვიათი V12-ც განაპირობებს. RealOEM-ის, ნაწილების კატალოგის ვებ-გვერდის სწრაფმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული საწვავის ტუმბო (BMW ნაწილის ნომრით 13517560364) მხოლოდ ერთეულ მოდელებში გვხვდება. მათ შორისაა იმავე ეპოქის Rolls-Royce-ები.
პლატფორმაზე, ამ ნაწილების საწყისი ფასი $2 225-ია, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 20 წლის წინ ღირდა. მაგრამ დღეს, თუ ევროპული ავტომობილების ნაწილების მიმწოდებლების - როგორიცაა FCP Euro, Pelican Parts, BMW Parts Now - ფასებს დააკვირდებით, ღირებულება $12 000-დან $15 000-მდეა გაზრდილი.
შეცდომა არ გეგონოთ. საწვავის ტუმბო, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშიც კი არაა, გასაყიდადაა გამოტანილი, ხელმისაწვდომიცაა და ძალიან ძვირიც ღირს. განახლებულ და იაფ ვერსიებს eBay-ზე კვლავ იპოვით, თუმცა თუ ორიგინალის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ არ გაგიმართლათ.
რაც შეეხება თავად BMW 760-ებს, დღეს უკვე მათი პოვნაც გაგიჭირდებათ. თუმცა ხელმისაწვდომ ფასში მის შეძენას უფრო მოახერხებთ. მაგალითად, ერთ-ერთი ეგზემპლარი, საკმაოდ დაბალი გარბენით, ნებრასკაში, $12 750-ად იყიდება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მხოლოდ მისი საწვავის ტუმბო ღირს.
ასე, რომ საკითხავია, რატომ უნდა შეიძინოთ მხოლოდ ერთი ნაწილი, როდესაც იგივე ფასად მანქანის ყიდვა შეგიძლიათ... თუ ეს არ გაკმაყოფილებთ, V12 E65/E66 შასის ეპოქიდანაც იპოვით მოდელებს და უმეტესობა იმაზე ნაკლებიც ღირს, ვიდრე ამ ძალიან ძვირ საწვავის ტუმბოში ითხოვენ..