Donkervoort-ი ახალ სუპერქარს ბავშვის სახელს არქმევს და Audi-ს ემშვიდობება
F22-ის საბოლოო გამეორების გამოშვებიდან მალევე, ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა Donkervoort-მა თავის მომავალ სუპერმანქანაზე მუშაობა დაიწყო. ახალი მოდელი, სახელწოდებით P24 RS თავის მხრივ უკვე გამორჩეულია, რადგან კომპანია მასში Audi-ს ძრავას, რომელსაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში იყენებდა, აღარ ჩადგამს.
სანამ, უშუალოდ Audi-სთან გამომშვიდობების საკითხზე გადავიდოდეთ, საინტერესოა, P24 RS-ის სახელწოდების წარმომავლობაც. ის ერთი მხრივ Donkervoort-ის ისტორიიდან და ასევე, მფლობელის ოჯახიდან გამომდინარეობს. „P“ აღნიშნავს ფებეს, რომელიც არის დენის დონკერვორტის მეორე ქალიშვილი, ხოლო „24“ მის დაბადების წელს, 2024 წელს. ანალოგიურად, F22-ის სახელწოდება მის პირველ ქალიშვილს უკავშირდება, მსგავსი ლოგიკით - ფილიპა, რომელიც 2022 წელს დაიბადა.
Donkervoort-ის უახლესი მოდელი ამავე კომპანიის D8 270 RS-ითაა შთაგონებული. D8 270-მა, 2006 წელს, Nurburbring Nordschleife-ზე მასობრივი წარმოების ავტომობილისთვის ყველაზე სწრაფი წრის რეკორდი დაამყარა.
რაც შეეხება მოდელის ახალ ძრავას, მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა დენის დონკერვორტი მას „სრულიად ახალ ინოვაციას“ და „განვითარების ახალ ეტაპს“ უწოდებს. მისი განცხადებებიდან შეგვილია ვივარაუდოთ, რომ Donkervoort-ის ახალი ძრავა შიდა წარმოების იქნება თანაც, როგორიც არ უნდა იყოს ის, დიდი შანსია, რომ F22 Final Five-ს მაინც აჯობებს, რომელიც 492 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მაღალ წარმადობასთან ერთად, Donkervoort-ის მთავარი ფოკუსი ავტომობილების მსუბუქი წონის შენარჩუნებაა. F22-ის საბოლოო ვერსია სულ რაღაც 716 კილოგრამს იწონიდა, 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 2.5 წამში ჩქარდებოდა, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 290 კმ/სთ-ს აღწევდა. დონკერვორტის თქმით, P24 RS ამ მოდელის მსგავსი იქნება, თუმცა თავისი განსხვავებული ხასიათი ექნება.