Tesla თითქმის ყველა Cybertruck-ს უკან გაიწვევს
ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Cybertruck-ის 46 100-მდე მძღოლს ელექტროპიკაპის უკან გაწვევის შესახებ ოფიციალურად აცნობებს. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, NHTSA-ს ინფორმაციით, წებო, რომელიც Tesla-ს გარე ლითონის კორპუსს ამაგრებს, შესაძლოა მტვრევადი გახდეს, ანდაც ჩამოვარდეს.
Tesla-ს Cybertruck-ი, რომელიც თავდაპირველად სწორედ მისი თანამედროვე დიზაინითა და ერთი შეხედვით მყარი კორპუსით გამოირჩეოდა, ბოლო პერიოდში ბევრ გამოწვევას აწყდება. უმეტესი ნაწილი ცივ ამინდში მის გამძლეობას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ავტომობილის გარე პანელები, რომლებიც წებოვანი საშუალებებითაა დამაგრებული, დაბალ ტემპერატურაზე შესაძლოა დაიშალოს და მტვრევადიც გახდეს.
Tesla-ს უახლესი გაწვევა უკანასკნელ 15 თვეში წარმოებულ ყველა Cybertruck-ს შეეხება. კომპანია ჯამში 46 096 ერთეულ ელექტროპიკაპს გაიწვევს უკან, რომლებიც 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2025 წლის 27 თებერვლამდე პერიოდშია გამოშვებული. NHTSA-ს შეფასებით, აღნიშნული დეფექტი ავარიების რისკს ზრდის და Cybertruck-ისა და სხვა ავტომობილების მძღოლებს საფრთხეს შეუქმნის.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, Tesla პრობლემურ წებოს შედარებით გამძლე ვერსიით შეცვლის, რომელიც ცივი ამინდის პირობებში აღარ გაცვდება. უსაფრთხოებისა და სიმყარის უზრუნველსაყოფად, Tesla ელექტროპიკაპის უჟანგავ ფოლადის პანელზე შედუღებულ საყრდენსაც დაამატებს.
სავარაუდოდ, კომპანია Cybertruck-ების მიღებას 2025 წლის 21 მარტიდან დაიწყებს. ნებისმიერი სხვა ელექტროპიკაპი კი, რომელიც ამ პერიოდშია წარმოებული და კვლავ სადილეროში იმყოფება შეკეთებას დაექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილების უკან გაწვევა Tesla-სთვის მნიშვნელოვან პრობლემას გასულ წელსაც წარმოადგენდა. მხოლოდ 2024 წელს, ამერიკულმა მწარმოებელმა 5.13 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიწვია.