რჩევა, ავტომობილის შეძენა, ავტომობილის შემოწმება, როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას, ავტომობილის შემოწმება შეძენისას, ავტომობილის ყიდვა, სასარგებლო რჩევა
Aa
Aa

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ავტომობილის შეძენისას?

კვლევების თანახმად, ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 7-8 ავტომობილს ყიდულობს. ავტომობილის შეძენა საკმაოდ ამაღელვებელი პროცესია, სწორი მოდელის შერჩევა კი ადვილი ნამდვილად არ არის. როცა უკვე გადაწყვეტ, რა ზომის, როგორი შასის და როგორი ძრავის ტიპის ავტომობილის შეძენა გსურთ, მისი სწორად შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი და ძველი ავტომობილის ყიდვა მისი შემოწმების გარეშე იგივეა, რაც იმ მდინარეში ჩასვლა, რომელიც არ იცი რა სიღრმისაა. ეს ყველაფერი მეტ აზრს იძენს, როდესაც მეორადი ავტომობილის შეძენა გიწევთ. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ავტომობილი შეძენამდე.

 

-        შეამოწმეთ ავტომობილი დაძვრამდე:

უპირველეს ყოვლისა, სანამ მძღოლის კარგს გააღებთ, ავტომობილი გარედან უნდა შეამოწმოთ. ყურადღება მიაქციეთ კორპუსის მდგომარეობას, დააკვირდით გასდის თუ არა სითხეები და ეტყობა თუ არა ჟანგვის, გადაღებვის ან რაიმე ინციდენტის კვალი. ინციდენტზე ხშირად პანელების ღრიჭოები მიუთითებს. ყველა მათგანი თითქმის თანაბარი ზომის უნდა იყოს.

ასევე შეამოწმეთ ავტომობილის საბუთები. ყურადღება შემდეგ დეტალებზე უნდა გაამახვილოთ: ემთხვევა თუ არა ავტომობილის და ტექნიკური პასპორტის მონაცემები ერთმანეთს; არის თუ არა ავტომობილი იურიდიული პასუხისმგებლობით დატვირთული; შეიძლება თუ არა ავტომობილის გადაფორმება.

გარდა ამისა, შეამოწმეთ ავტომობილის ისტორია ე.წ. VIN-კოდით. თუ რომელიმე ასპექტში შეუთავსებლობას და უზუსტობას შეამჩნევთ, მანქანის გამყიდველს მიზეზი ჰკითხეთ. თუ გამყიდველი დაბნეული ჩანს, აგრესიულია, არადამაჯერებელ პასუხებს გვაძლევს ან არ აქვს ინფორმაცია საკუთარი ავტომობილის მდგომარეობის შესახებ ბევრს ვერაფერს იზამთ - გირჩევთ სხვა ავტომობილი მოძებნოთ.

-        შეამოწმეთ სალონი:

სალონის შემოწმებისას, ყურადღება შემდეგ დეტალებს უნდა მიაქციოთ: საჭე, სიჩქარის გადამრთველის ბერკეტი, სატერფულები და ყველა ის ღილაკი, რომლის გამოყენებაც მძღოლს სისტემატურად უწევს. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ცვეთა ეტყობა, იცოდეთ, მანქანას შესაძლოა იმაზე მეტი გარბენი ჰქონდეს, ვიდრე მის ოდომეტრზე ხედავთ.

გასათვალისწინებელია სავარძლების მდგომარეობაც. კარგი იქნება, თუ ავტომობილში ჩაჯდომისას შეამოწმებთ გათბობისა და გაგრილების სისტემას.საბოლოოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ ინტერიერში ყველა დეტალი გამართულად მუშაობს.

აუცილებლად შეამოწმეთ საბარგულიც. სათადარიგო საბურავის ხუფის აწევისას მანქანის ძარა ჩანს. ამ ნაწილში ავტომობილს კოროზიისა და ავარიის კვალი არ უნდა ეტყობოდეს. დაიმახსოვრეთ ყველა ფუნქცია, რომელიც არ მუშაობს. ეს ფასზე შეკამათების საშუალებას მოგცემთ. გააღეთ ყველა კარი, ლუქი და საბარგული, შეამოწმეთ საკეტები.

-        მანქანის დაძვრა:

ავტომობილის დაძვრამდე შეამოწმეთ გამაგრილებელი სისტემის და ძრავის ზეთის მდგომარეობა. კარგი იქნება თუ დაძვრამდე ავტომობილს ხუთი წუთი მაინც ანთებული მაშუქებით დატოვებთ. ასე ბატარეას სიცოცხლისუნარიანობას შეამოწმებთ. ამის შემდეგ, ავტომობილის დაძვრასთან ერთად ყური დაუგდეთ ყველა უჩვეულო ხმას. აქ გასათვალისწინებელია ძრავის მუშაობა ცივ და ცხელ ტემპერატურაზე. ასევე შეამოწმეთ მაყუჩიდან გამომავალი გამონაბოლქვი: აქვს თუ არა მას ნამწვის ან საწვავის სუნი, ლურჯი ან შავი შეფერილობა.

რამდენჯერმე გამორთეთ და ჩართეთ ძრავა იმისთვის, რომ კარგად დარწმუნდეთ მის გამართულობაში. ასევე შეამოწმეთ, არის თუ არა მაჩვენებელთა დაფაზე გამოსახული რაიმე სახის მაფრთხილებელი ნიშანი. არ დაგავიწყდეთ მაშუქების შემოწმება. ახალი ავტომობილების უმეტესობას LED-მაშუქები აქვს. გაუმართაობის შემთხვევაში კი, მათი შეცვლა იაფი ნამდვილად არ ჯდება.

დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ მანქანის დაძვრის დროსაც. ამ დროს გადაცემათა კოლოფის შემოწმებაა შესაძლებელი. გადაცემათა კოლოფის სიჩქარეთა მონაცვლეობისას, მანქანა არ უნდა ირყეოდეს. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ ხმას. ავტომობილს დაძვრისას არ უნდა ჰქონდეს ვიბრაციები და ძალის დიდი დანაკარგი.

-        ატარეთ ავტომობილი:

მართვის დროს, რამდენიმე ფაქტორია, რომელსაც ყურადღება სჭირდება. შეამოწმეთ როგორ მუშაობს ძრავა, მოუსმინეთ ხმებს, იარეთ სწრაფადაც და ნელაც, დააკვირდით როგორ გადადის სიჩქარეებში, როგორც იქცევა მანქანა, როცა ის სიჩქარის ზღვარს აღწევს, დარწმუნდით, რომ ის ჩუმია და სიჩქარეშიც ადვილად გადადის.  მუდმივად აკონტროლეთ ძრავის ტემპერატურა და მაჩვენებელთა დაფა, წაიყვანეთ მანქანა იქ, სადაც ნაკლები მოძრაობაა. გაუშვით ხელი საჭეს, თუ ის გვერდზე მიდის ეს შეიძლება მცირე ან სერიოზული პრობლემაც იყოს, ამიტომ მის გადამოწმებას კვალიფიციურ მექანიკოსთან გირჩევთ.

აუცილებლად შეამოწმეთ ავტომობილის გადაადგილების ხარისხი უსწორ-მასწორო გზაზე. თუ ავტომობილს წინა ან უკანა დაკიდების სისტემაში პრობლემები აქვს, ასეთ გზებზე ეს მარტივად გამოჩნდება. თუ მუხრუჭზე დაჭერისას ვიბრაციას გრძნობთ, ეს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს. შეამოწმეთ ავტომობილის მობრუნების რადიუსი- დაბალ სიჩქარეზე საჭე ერთი მიმართულებით ატრიალეთ, თუ არაა ხმა, არც პრობლემაა.

-        ჰკითხეთ აზრი სხვასაც: 

თუ ახალი მძღოლი ხართ და ავტომობილის შეძენისას არ იცით, თუ რა პრობლემებს უნდა უფრთხილდეთ, უკეთესია თან ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც მანქანებში კარგად ერკვევა. თუ ავტომობილი ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აუცილებლად ჩაუტარეთ ელექტრო დიაგნოსტიკა. თუ გაქვთ გათვალისწინებული თანხა, შეამოწმებინეთ ავტომობილი მექანიკოსს. ავტომობილის შემოწმება მის ყიდვამდე გამართლებული ხარჯია. თუ მანქანა ამ ტესტებს წარმატებით გაივლის, მაშინ მანქანის შეძენამდე მხოლოდ თანხაზე შეთანხმება რჩება.

 

მთავარი მიზანი ისაა, რომ ავტომობილის შეძენამდე კარგად შეაფასოთ ის პრობლემები, რაც გასაყიდ მანქანას აქვს. ეს ავტომობილის ოპტიმალურ ფასში შეძენაში გეხმარებათ. თუმცა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მთავარი თქვენი უსაფრთხოებაა. სჯობს, მანქანის შერჩევისას ჩვენ რჩევებს გაჰყვეთ, რათა მანქანაში გადახდილი ფული წყალში გადაყრილი არ გამოდგეს.

მსგავსი სიახლეები