გაფუჭებული საწვავის ტუმბოს სიმპტომები - რჩევა
რა არის საწვავის ტუმბო?
საწვავის ტუმბოს (ე.წ. ბენზონასოსი) ძირითადი ფუნქცია საწვავის ავზიდან ძრავამდე მიწოდებაა. ის თავის მოვალეობას რამდენიმე დეტალის დახმარებით ასრულებს. თუ სიმპტომები არ იცით, მისი ცუდად მუშაობის შემჩნევა საკმაოდ რთულია.
სწორი დიაგნოზისთვის ავტომობილის მოსმენა და მის მუშაობაზე ყოველდღიური დაკვირვება ყველაზე მნიშვნელოვანია. რა ხმას გამოსცემს? როგორ იქცევა დატვირთვისას ავტომობილი? რამდენია ძრავის ნორმალური ბრუნვა? შესაბამისი ცოდნითა და დაკვირვებით ავტომობილის მდგომარეობაზე მუდმივი ინფორმაცია გექნებათ.
თუ შეატყობთ, რომ ავტომობილი რთულად იქოქება ან სიმძლავრე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ ეს დაზიანებულ დეტალზე მიუთითებს. იმის გამო, რომ ავტონაწილები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია დაზიანებული დეტალის ამოცნობა რთულია.
საწვავის ტუმბო მექანიკურად ან ელექტრონულად კონტროლირებადი მექანიზმია, რომელიც ავზიდან ძრავას საწვავით ამარაგებს. საწვავი ჯერ ფილტრში, შემდეგ ტუმბოში (ე.წ. ბენზონასოსში) ამის შემდეგ კი საწვავის მაგისტრალში გადის. აქედან უკვე მისი ინჟექტორებამდე მიწოდება და ცილინდრის წვის კამერაში შეფრქვევა იწყება.
საწვავის ტუმბოს ტიპები
თანამედროვე ავტომობილები უკვე დიდიხანია, რაც მექანიკური ტუმბოს გარეშე იწარმოება. ის ავტომწმარმოებლებმა ელექტრონული ტუმბოთ ჩაანაცვლეს, რადგან კარბურატორიდან ინჟექტორებზე გადასვლამ საწვავის მაღალი წნევის აუცილებლობა გამოავლინა. ქვემოთ საწვავის ტუმბოს ტიპებს წარმოგიდგენთ:
მექანიკური საწვავის ტუმბო: მექანიკური საწვავის ტუმბო მემბრანას ან დიაფრაგმას იყენებს. ციკლურ პროცესში, ტუმბო საწვავით იჟღინთება, გროვდება, შემდეგ კი კარბურატოში და ძრავში მიემართება. ეს მარტივი პროცესი განმეორებით სრულდება.
ელექტრო საწვავის ტუმბო: საწვავის შეფრქვევის ელექტრონული სისტემა თანამედროვე ავტომობილებზე მაღალ წნევას მოითხოვს, რის საშუალებასაც ელექტრონული საწვავის ტუმბო იძლევა. რამდენიმე სახის ელექტრო ტუმბოები არსებობს:
ავზში ჩაშენებული: ახალი ავტომობილების უმრავლესობა საწვავის ისეთ ტუმბოს იყენებს, რომელიც საწვავის ავზშია განთავსებული. ეს მოდულს იცავს, ხოლო ბენზინი სიგრილის შენარჩუნებაში ეხმარება, რაც ტუმბოს მუშაობის ხარისხე დადებითად აისახება.
გარე საწვავის ტუმბო: ავზში ჩაშენებულ ტუმბოსთან შედარებით, ის მარტივი შესაცვლელია. ის ძრავასა და საწვავის ავზს შორისაა განთავსებული. ასეთი ტუმბოები ავტომობილის დაბლა ან ძრავის განყოფილებაშია მოთავსებული.
როტორულ-ფირფიტოვანი ტუმბო: მექანიკური ტუმბოს მსგავსად, როტორულ-ფირფიტოვანი ტუმბო მოცულობითი ტუმბოს სისტემას იყენებს.
რამდენ ხანს ძლებს საწვავის ტუმბო?
საწვავის ტუმბო (ე.წ ბენზონასოსი) რეგულარული სერვისის დროს შესაცვლელ დეტალს არ განეკუთვნება. ის მხოლოდ მაშინ უნდა შეიცვალოს, როცა მწყობრიდან გამოვა. საწვავის ტუმბოების უმეტესობა დიდი რესურსით გამოირჩევა და 150 000 კმ-მდეა სიცოცხლისუნარიანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 150 000 კმ-ზე ტუმბოს შეცვლა აუცილებელია, მან შეიძლება 300 000 კმ-ის ფარგლებშიც იმუშაოს.
დაზიანებული საწვავის ტუმბოს სიმპტომები.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მიხედვით, დაზიანებული საწვავის ტუმბოს დროულად აღმოჩენას შეძლებთ.
ავტომობილი არ იქოქება
დაქოქვის პრობლემა უამრავ დეტალს შუძლია შექმნას, თუმცა, პირველი რაც უნდა შეამოწმოთ საწვავის რაოდენობაა. თუ საწვავის ტუმბო ბენზინს ძრავაში ვერ აგზავნის, მაშინ ის არ დაიქოქება.
ავტომობილი ჩაქრობა
იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი იქოქება, მაგრამ მუშაობა უჭირს და ქვრება შესაძლოა არასაკმარისი საწვავის ბრალი იყოს.
ძლიერ დატვირთვაზე ავტომობილის ჩაქრობა
თუ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობებს მართვის უხეში სტილითა ან მძიმე ტვირთის გადატანით ტესტავთ და ძრავა ითიშება, ეს შესაძლოა საწვავის მიწოდებისა და მძღოლის მოთხოვნების შეუსაბამობამ გამოიწვიოს. გაორმაგებული დათვირთვის დროს საწვავის ტუმბო ზომაზე მეტად იტვირთება, რაც მის გაცხელებას იწვევს, საწვავის ტუმბოს გაცხელება კი მუშაობის ხარისხზე მოქმედებს, რამაც შეიძლება მიმავალი მანქანის ჩაქრობა გამოიწვიოს.
ძრავის ტემპერატურის მატება
იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილის ძრავა ბენზინითაც გრილდება, როდესაც ტუმბო ბენზინს არასტაბილურად აფრქვევს არის შანსი, რომ ძრავა ზედმეტად გაცხელდეს. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ ძრავის ტემპერატურის მატება შეუძლია. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ სანამ ძრავი გადახურდება, საწვავის ტუმბო გარკვეულ გაუმართაობაზე ჩვენს მიერ დაწერილ სიმპტომების სახით რაიმე ნიშანს მოგცემთ.
რა არის საწვავის ტუმბოს შემოწმების ყველაზე მარტივი გზა?
1. საწვავის ტუმბოს მუშაობის შემოწმების ყველაზე მარტივი მეთოდი მისი მოსმენაა. გააღეთ საწვავის ავზის კარი, მოხსენით ხუფი და გადაატრიალეთ გასაღები. ყური დაუგდეთ ავზის კართან არსებულ ხმას. საწვავის ტუმბოს ზუზუნის ხმა უნდა ჰქონდეს. თუ მსგავს ხმას ვერ გაიგონებთ, მიუთითებს იმაზე, რომ ტუმბო არ მუშაობს.
2. იმ შემთხვევაში, თუ გასაღების გადატრიალების შემდეგ ზუზუნის ხმა ისმის, დაქოქეთ ავტომობილი. თუ ყველაფერი გამართულია საწვავის ტუმბოს ზუზუნის ხმა აღარ უნდა ისმოდეს. კონკრეტულად რომ ვიცოდეთ, მხოლოდ გასაღების გადატრიელებისას უნდა ზუზუნებდეს ტუმბო, დაქოქვის შემდეგ თუ მაინც ისმის ძლიერი ზუზუნის ხმა, ნიშნავს, რომ საწვავის ტუმბო მცირე გაუმართაობა აქვს.
3. ძალზედ ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტომობილი მოკლე მანძილებში გამართულად გადაადგილდება, თუმცა დიდხნიანი მართვის შემდეგ ავტომობილს გარკვეული გაუმართაობები ეწყება: არასტაბილური მუშაობა ადგილზე, მაღალ ბრუნებზე სიმძლავრის ვარდნა და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საწვავის ტუმბო (ე.წ. ბენზონასოსი) გაცხელების შემდეგ კარგავს ძალას, ამის შემოწმება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სიმპტომი სახეზე გვექნება. ამ დროს ტუმბოს წნევას მანომეტრით ამოწმებენ, რაც პრობლემის დიაგნოსტირებას ამარტივებს.
როგორ შევუნარჩუნოთ საწვავის ტუმბოს სიცოცხლისუნარიანობა?
საწვავის ტუმბოს სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისთვის მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეგიძლიათ:
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ავზში არსებულ ტუმბოს საწვავი აგრილებს. იმ შემთხვევაში თუ ავზში საწვავი რეგულარულად ცოტაა, მაშინ ტუმბოს გადახურების რისკი აქვს. შეეცადეთ, რომ ავზი მუდმივად ბოლომდე აავსოთ და10-15 ლიტრ საწვავზე ნაკლები არ იქოქნიოთ.
აუცილებლად შეცვალეთ საწვავის ფილტრი რეკომენდირებული სიხშირეებით. ბინძურ ფილტრს საწვავის ტუმბოში არასასურველი წნევის შექმნა და საწვავის მიწოდების შეფერხება შეუძლია. აგრეთვე დაზიანებულ ფილტრს შეუძლია ავზში არსებული ჭუჭყი ტუმბოში შეიტანოს, რაც მის გაფუჭებას იწვევს.