ახალი Corvette ZR1 ჯერ სადილერომდეც არ მისულა და უკვე მოიპარეს
Chevrolet-მა 2025 წლის Corvette ZR1 ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში წარადგინა, თუმცა დილერებისთვის მისი მიწოდება საგრძნობლად გაჭიანურდა. როგორც ჩანს, ახალი Corvette-ის ლოდინით ბევრი დაიღალა და ერთ-ერთი ძარცვისას თან გააყოლა.
ძარცვა ბოულინგ გრინში, Corvette-ის ქარხანაში მოხდა. ჯამში სულ რვა მანქანაა მოპარული, რომელთაგანაც ერთი 2025 წლის Corvette ZR1-ია. Road & Track-ის ცნობით, მძარცველებმა ქარხნის ღობეზე ხვრელი გაჭრეს და სწორედ მისი დახმარებით, ავტომობილებით ტერიტორია დატოვეს. პირველი ცნობა, მოპარული ZR1-ის შესახებ, საპატრულო განყოფილებაში 22 მარტის დილას შევიდა. თვითმხილველებმა ავტომობილი, რომელსაც ქარხნული სტიკერები და შეფუთვები ჰქონდა, საცხოვრებელ კორპუსში შენიშნეს. General Motors-ის შიდა შემომებით კი დადგინდა, რომ ჯამში რვა ავტომობილი იყო დაკარგული.
რამდენიმე Corvette Lowes Home Improvement-ის ავტოსადგომზე მალევე აღმოაჩინეს, სადაც უცხო პირები მათ გაყიდვას ცდილობდნენ. Facebook-ის კიდევ ერთი პოსტი ადასტურებს, რომ აღმოჩენილი მოდელებიდან რამდენიმე ZR1, რამდენიმეც Z06 იყო. WBKO 13 News-ის თანახმად, რვავე Corvette ნაპოვნია, დანაშაულთან კავშირში მყოფი მინიმუმ ერთი პირი კი დაკავებული.
2025 წლის Corvette ZR1-ის გამოსვლას ბევრი ავტომოყვარული მოუთმენლად ელოდებოდა, ახლა კი, მფლობელები უკვე მის მიწოდებას ელიან. ახალი თაობის Corvette ხაზში ყველაზე ძლევამოსილია და არც გაგიკვირდებათ, რომ ყველაზე ძვირად ღირებულიც. შუაძრავიანი სუპერმანქანის ღირებულება $174 995-დან დაიწყება.
რას მიიღებს მომხმარებელი ამ ფასად? – 5.5-ლიტრიან, V8 ძრავას, რომელიც 1 064 ცხენის ძალას და 1 120 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს გამომუშავება კი, როგორც გითხარით, მას ისტორიაში ყველაზე ძლიერ Corvette-დაც აქცევს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 2.3 წამში აღწევს, მაქსიმალური სისწრაფე კი, ოქტომბერში გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, 370 კმ/სთ-ს აღემატება.