გამორჩეული ავტომობილები, რომელთაც დევიდ ბექჰემი ფლობს, ან ფლობდა
ინგლისის ნაკრებისა და Manchester United-ის ყოფილ სუპერვარსკვლავს, დევიდ ბექჰემს, ახლა თავისი საფეხბურთო კლუბი, Inter Miami აქვს. შესაბამისად, ბექჰემი ახლა უკვე ფლორიდაში ცხოვრობს და დროს, ბიზნესსა და ოჯახს უთმობს. თუმცა, ამის მიუხედავად ყოფილ ფეხბურთელს არც ავტომობილებისადმი მისი სიყვარული ავიწყდება და როგორც ჩანს, ავტომობილებში არც ფული ენანება.
თქვენ წინაშეა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების გამორჩეული ავტოფარეხი, მრავალი ძვირად ღირებული და ეგზოტიკური ავტომობილით. ეს ის ავტომობილებია, რომელთაც ინგლისელი ახლა ფლობს, ან წარსულში ფლობდა.
Rolls-Royce Phantom Drophead Coupe
Rolls-Royce-ი საავტომობილო სამყაროში ფუფუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. კონკრეტულად ამ მოდელს კი, ისეთი ადამიანები მართავენ, როგორებიც კონორ მაკგრეგორი, ლებრონ ჯეიმსი და როუენ ატკინსონი არიან.
პრიალა შავი ექსტერიერის მქონე მოდელში კონტრასტული, კრემისფერი ტყავის ინტერიერი გვხვდება. ელეგანტური Phantom Drophead-ი 6.75-ლიტრიანი V12-ითაა აღჭურვილი, 453 ცხენის ძალას და 720 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მოდელი 2 ტონაზე მეტს იწონის, თუმცა 0-დან 100-მდე სულ რაღაც 5 წამში ჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 250 კმ/სთ-ზე აღწევს.
რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი Rolls-Royce-ის გაყიდვას გეგმავს. თუმცა უცნობია, კვლავ ირიცხება თუ არა Drophead-ი ინგლისელის კოლექციაში.
Aston Martin V8 Vantage
ანტიკვარის დროც დადგა. ეს Aston Martin V8 Vantage-ია, რომელიც ერთ დროს ფეხბურთელის ავტოფარეხში საპატიო ადგილს იკავებდა. 2020 წელს ბექჰემმა მანქანა £445 000-ად აუქციონზე გამოიტანა, თუმცა მისი გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. 1977-დან 1989 წლამდე, ამ მოდელის მხოლოდ 534 მოდელი შეიქმნა. ეს კონკრეტული კი, 1988 წელს იწარმოვა, 5.3-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Jaguar F-Type Project 7
Jaguar F-Type Project 7 ნამდვილი მხეცია. ავტომობილი 5-ლიტრიანი, სუპერტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, 567 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება. ამ მოდელის მხოლოდ 250 ეგზემპლარია შექმნილი და მისი ფასი, ყოველდღიურად იზრდება. ცნობისთვის, 2014 წელს ბექჰემი Jaguar China-ს ბრენდ ამბასადორიც გახლდათ.
Bentley Continental GT Supersports
ბექჰემის კოლექციის კიდევ ერთი ძვირად ღირებული მოდელი Bentley Continental GT Supersports-ია. ელეგანტური და დახვეწილი ავტომობილი 110 კილოგრამს იწონის და ახლა უკვე, მისი სიმძლავრე 550 ცხ.ძ-დან 620 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. ეს Bentley 0-დან 100-მდე 3.7 წამში ჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი, 330 კმ/სთ-ზე აღწევს, რაც მსგავსად მდიდრული ავტომობილისთვის, საკმაოდ კარგი შედეგია.
Rolls-Royce Ghost
ამ ავტოფარეხში Rolls-Royce-ის კიდევ ერთი საკულტო მოდელი, Rolls-Royce Ghost-იც დაგხვდებათ. გარეგნული დახვეწილობის გარდა, ამ ავტომობილს მისი შესაძლებლობებიც გამოარჩევს. კაპოტქვეშ 6.6-ლიტრიანი V12 დაგხვდებათ, რომელიც 560 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100-მდე 4.3 წამში ჩქარდება და 250 კმ/სთ-მდე ჩქარდება.
Chevrolet Camaro SS
Chevrolet-ის ავტომობილები ცნობილი ადამიანების კოლექციაში არც თუ ისე ხშირად გვხვდება, თუმცა ეს მოდელი დაფასებას ნამდვილად იმსახურებს. Camaro-ს საჭესთან ფეხბურთელს საჯარო ქუჩებშიც ხშირად აფიქსირებენ. ავტომობილი ძლიერი V8 ძრავითაა აღჭურვილი, 455 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 270 კმ/სთ-ს აღწევს.
Maserati MC20
Maserati-ის მოდელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სწორედ ბექჰემის მონაწილეობით და სპეციალურად მისთვის შეიქმნა. მოდელის 3-ლიტრიანი V8 ძრავა 620 ცხენის ძალას და 730 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, სიმძლავრეს კი, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა ბორბლებზე ანაწილებს. MC20 0-დან 100-მდე 2.88 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია.
და ბოლოს, ცოტა ბექჰემის მოკრძალებულ საწყისებზეც უნდა ვისაუბროთ. 1992 წელს, მაშინ როდესაც ინგლისელი Manchester United-ში საფეხბურთო კარიერას იწყებდა, ქუჩებში Honda Prelude-ით გადაადგილდებოდა. Honda Prelude VTEC-მდე კი ფეხბურთელს Ford Escort MkIII და VW Golf Match-ი ჰყავდა. რაც შეეხება ბექჰემის ავტომობილებისადმი სიყვარულს, ის ჯერ კიდევ მისი ღრმა ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როდესაც მამამისის Ford Cortina პირველად დაინახა.
„როდესაც ავტომობილს ვმართავ, მავიწყდება, რომ დევიდ ბექჰემი ვარ“.