Top-10 საუკეთესო ავტომობილი ფილმებიდან
არსებობს ფილმები, რომელთაც თავი მაღალი სამსახიობო შესრულებისა და შინაარსის გარდა, ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო თემით - ავტომობილებით დაგვამახსოვრეს. ეს ის ავტომობილებია, რომელთაც დიდება არც მანამდე აკლდათ, თუმცა ფილმებთან ერთად, ნამდვილ „სუპერვარსკვლავებად“ იქცნენ. დღევანდელ სტატიაში ჩვენ Top 10 საუკეთესო ავტომობილზე მოგიყვებით, რომლებიც მათზე არანაკლებ ლეგენდარულ ფილმებში მთავარი როლის შემსრულებლებად მოგვევლინნენ.
Gigahorse - შეშლილი მაქსი
Gigahorse გრაფიკული დიზაინერების შედევრი არ გეგონოთ. ის 1959 წლის ორი Cadillac Coupe de Villes-ს შეერთებით მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ეს გიგანტური მონსტრი ორი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. შედეგად კი, ძალიან ძლიერ V16-ს ვიღებდით, რომელიც 1 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილში მთავარი მოდიფიკაცია Allison-ი სატვირთო გადაცემათა კოლოფი გახლდათ, რომლითაც საინჟინრო გუნდმა მოდელის ქარხნული ვარიანტი შეცვალა. რაც შეეხება სპეციალურ ეფექტებს, ამ შემთხვევაში ყალბი ტურბო და Gigahorse-ის სიჩქარე უნდა აღინიშნოს, რადგან ამ მოდელს, რეალურად, მხოლოდ 100კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო.
1969 წლის Mustang - ჯონ ვიკი
როდესაც ავტომობილებში „სუპერვარსკვლავებზე“ ვსაუბრობთ, რთულია ჯონ ვიკის 1969 წლის Ford Mustang-ი არ ვახსენოთ. მოდელის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ისაა, რომ რეალურად ფილმში 1969 წლის Boss 429 არ გამოუყენებიათ. ეს მოდელი ძალიან იშვიათია და 1969 წელს მხოლოდ 859 ეგზემპლარად გამოუშვეს. მის შემცვლელად კი, გადამღებმა ჯგუფმა 1969 წლის Mach 1 აარჩია.
1969 წლის Mach 1-ის ქართული ვერსია 5.8-ლიტრიანი Windsor V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. აღსანიშნავია, რომ კიანუ რივზს, ამ ფილმისთვის სპეციალური მართვის სკოლის გავლა მოუხდა და დუბლიორის ნაცვლად Mustang-იც თავად მართა.
Bluesmobile, 1974 წლის Dodge Monaco - ძმები ბლუზები
კინემატოგრაფიის ისტორიაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი 1974 წლის Dodge Monaco-ა, ცნობილი, როგორც „ბლუზმობილი“. საინტერესოა, რომ ფილმში სულ 13 განსხვავებული ავტომობილი გამოიყენეს, ნაწილი მხოლოდ ტრიუკებისთვის, ნაწილიც მაღალსიჩქარიანი დევნის სცენებისთვის.
მაგრამ, არც დევნის სცენებისთვის განკუთვნილი Dodge-ებია ისეთი სწრაფი, როგორიც ეს ფილმში ჩანს. რეალურად, ავტომობილი 190 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა, დანარჩენს კი მემონტაჟეები „ამატებდნენ“. ამ ავტომობილის ქარხნულ ვერსიაში 5.3-ლიტრიანი V8 ძრავა იყო მოთავსებული. „ბლუზმობილს“ კი თან საპატრულო ეკიპაჟის სრული პაკეტი მოჰყვებოდა და 440 „მაგნუმის ძრავით“ იყო აღჭურვილი.
ცნობისთვის, ამ ფილმმა დამტვრეული ავტომობილების რაოდენობით გინესის რეკორდი მოხსნა. „ძმები ბლუზების“ გადაღებისას ჯამში 103 ავტომობილი დაამტვრიეს, თუმცა მისი რეკორდი კვლავ იმავე ფილმის 1998 წლის გაგრძელებამ მოხსნა.
1992 წლის Ford Explorer XLT UN46 - იურული პერიოდის პარკი
გახსოვთ ეს ფერადი ავტომობილები „იურული პერიოდის პარკიდან“? ისინი რეალურად 1992 წლის Ford Explorer XLT UN46-ია. SUV-ის სტილის ავტომობილები არაერთი თანამედროვე ფუნქციით იყო აღჭურვილი. მათ შორისაა: კონდიციონერი, კრუიზ კონტროლი, ელექტრო შუშები და საკეტები AM/FM/კასეტა სტერეო სისტემაც. ავტომობილის კაპოტქვეშ კი 4-ლიტრიანი, ატმოსფერული V6 ძრავა იყო განთავსებული, რომელიც 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავა 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა სისტემას უკავშირდებოდა და სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებდა.
საინტერესოა, რომ ფილმში რამდენიმე Ford Explorer-ი გამოიყენეს, თუმცა მათი უმეტესობა გადაღების პროცესს შეეწირა. ფილმში გამოყენებული თითოეული მოდელი კი თავის მხრივ უნიკალური იყო და სცენების მიხედვით განსხვავებული ფუნქციების ჰქონდა.
1967 წლის Shelby GT500 - გატაცება 60 წამში
ფილმში „გატაცება 60 წამში“ ავტოენთუზიასტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ 1967 წლის Shelby GT500-ს ვხვდებით. ავტომობილი, სახელად Eleanor-ი, რომლის საჭესთანაც ფილმში ნიკოლას ქეიჯი გვხვდება, 1967 წლის Mustang Shelby GT500-ის მოდიფიცირებული ვერსიაა. მოდელი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდებოდა და 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
სტივ სტენფორდის და ჩიპ ფუზის ერთობლივი დიზაინით Cinema Vehicle Services-მა ფილმისთვის თერთმეტი იდენტური ავტომობილი შექმნა: ვერცხლისფერ-ნაცრისფერი საღებავითა და შავი სარბოლო ზოლებით. თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე იყო განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი დევნისთვის.
ფილმის პოპულარობიდან გამომდინარე, ეს მოდელი ძალიან მალე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კინომანქანად იქცა. Eleanor-ის ფასი აუქციონებზე ყოველწლიურად იზრდება. მისი რამდენიმე ეგზემპლარი წარსულში $1 მილიონზე მეტადაც გაიყიდა.
2008 წლის Audi R8 - რკინის კაცი
სუპერგმირები ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი, ლეგენდარული ტონი სტარკი, იგივე რკინის კაცი. არანაკლებ კი ავტოენთუზიასტებს მისი ავტომობილი უყვართ. ალბათ, სწორად მოიქცა Audi, როდესაც „რკინის კაცის“ რეჟისორი მისი მანქანის ფილმში გამოყენებაში დაარწმუნა.
თქვენ წინაშეა 2008 წლის Audi R8, ავტომობილი, რომელიც 4.2-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შედეგად, ეს მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.6 წამში ჩქარდებოდა.
საინტერესოა, რომ ამ კლასიკური მოდელიდან დაწყებული Audi R8 Spyder-ითა და Audi E-Tron-ით დასრულებული, სტარკს ამ სპორტული ავტომობილის ყველა ვერსია შენახული აქვს, ისევე როგორც თავისი პიჯაკები.
1964 წლის Aston Martin DB5 - გოლდფინგერი
1964 წლის Aston Martin DB5 კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მანქანაა და დიდწილად ეს ჯეიმს ბონდის იმავე წლის ფილმის, „გოლდფინგერის“ დამსახურებაა. DB5-ის ქარხნული ვერსია, რომელიც 1964 წელს გაეშვა, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი, რომელიც 4-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავას უკავშირდებოდა. შედეგად, ეს მოდელი 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100-მდე 8 წამში ჩქარდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე 233 კმ/სთ-ს აღწევდა.
„გოლდფინგრში“ ჯეიმს ფონდის პირად მანქანად გამოყენებიდან მალევე, ავტომობილის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღესაც, ბონდის მოდელები აუქციონზე რამდენიმე მილიონად იყიდება. ეს მოდელ აგენტი 007-ის სტილთან და დახვეწილობასთან ასოცირდებოდა. მანქანა არ იყო მხოლოდ დახვეწილი მანქანა, არამედ ბონდის არსენალის განუყოფელი ნაწილიც, რომელიც აღჭურვილი იყო რიგი ფუნქციებით, მისიებში დასახმარებლად.
1981 წლის DeLorean DMC-12 - უკან მომავალში
ეს ავტომობილი თავდაპირველად DeLorean Motor Company-მა 1980-იანი წლების დასაწყისში წარადგინა. ელეგანტური და და დახვეწილი დიზაინით, რომელსაც ფოლადის უჟანგავი კორპუსი და თოლიისებრი კარები ემატებოდა, მოდელი ეპოქის სხვა მანქანებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა.
ფილმში DeLorean-ი დროში მოგზაურობისთვის განკუთვნილი მანქანაა, რომელსაც დოქტორი ემეტ ბრაუნი 1.21-გიგავატიანი ელექტროსისტემის გამოყენებით აწყობს. მის დიზაინი მთავარი კი Gull-wing-ის სტილის კარებია, რომელიც ავტომობილს ფილმში „ფრენის“ საშუალებას აძლევს.
საინტერესოა, რომ DeLorean-ის ბრენდმა დიდხანს ვერ გასტანა და მხოლოდ 9 000 ეგზემპლარის შექმნა მოასწრო. თუმცა ამ მოდელს ფილმმა მართლაც რომ დიდი პოპულარობა მოუტანა. ავტომობილი 2.9-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი და 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
Batmobile/Tumbler: ბეტმენი: დასაწყისი
მოდელი, რომელიც 2005 წლის ფილმში გვხვდება, ალბათ ბეტმობილების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელია. განსაკუთრებით კი Tumbler-ის გამორჩეული, სამხედრო ტანკის სტილის დიზაინი. ბეტმენის ადრინდელ ფილმებში ნანახი დახვეწილი, სპორტული მანქანის მსგავსი ბეტმობილებისაგან განსხვავებით, Tumbler-ი თავისი უხეში ექსტერიერით განსხვავდება.
ეს მოდელი 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით გახლდათ აღჭურვილი და 0-და 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 5 წამში ჩქარდებოდა. ერთი შეხედვით შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს, თუმცა ეს ვერსია „ჩუმი ძრავის“ რეჟიმით იყო აღჭურვილი, რაც მას ფარული მისიების დროს შეუმჩნევლად გადაადგილებაში ეხმარებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მის ტყვიაგაუმტარ ჯავშანზე, რაც მას ქუჩის დონის ტიპური საფრთხეების მიმართ უსაფრთხოს ხდიდა. ამას დაუმატეთ ტყვიამფრქვევები, სარაკეტო გამშვებები და სხვადასხვა არალეტალური იარაღი საბრძოლო გამოყენებისთვის და ჩვენი ცნობილი ბეტმობილიც მზადაა.
1970 წლის Dodge Charger-ი - ფორსაჟი
1970 წლის Dodge Charger, რომელსაც დომინიკ ტორეტო მართავდა, ალბათ ბევრი მოზარდისთვის, ან ზრდასრულისთვისაც კი, საოცნებო ავტომობილად მალევე იქცა. აგრესიული დიზაინი, ძლევამოსილი ძრავა და გზებზე უშეცდომო გადაადგილების სტილი მას უნიკალურ ავტომობილად აქცევს. თუმცა "ფორსაჟის" საკულტო მანქანა რეალურად ფილმების მაგიის კარგი მაგალითია.
საერთო ჯამში, ფილმში ხუთი Charger-ი გვხვდება - 1969 წლის მოდელები, 1970 წლის R/T-ად გადაკეთებული. ორი მათგანი სპეციალურად დამზადებული, ე.წ. „ტრიუკი“ მანქანებია - გაძლიერებული უსაფრთხოების კარკასით - ხოლო პირველადი ე.წ. „გმირი“-მანქანები, მისი ასლისგან მარტივად გამოსარჩევია, სახურავის საყრდენითა და უსაფრთხოების ჯვარედინი კარკასით.
ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ Charger-ის კომპრესორი სინამდვილეში ყალბია. თუმცა ეს ყველაფერი კინოხელოვნების ნაწილია, სადაც ვიზუალური ეფექტები - ყველა ფუნქციური კომპონენტის გარეშე - ილუზიების შესაქმნელად გამოიყენება. და როგორც წარმოდგენილი სიიდან მარტივად მიხვდებოდით, ეს მხოლოდ „ფორსაჟს“ არ ეხება.