ტექდათვალიერება - როგორ არ უნდა „ჩავიჭრათ“
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდა.
მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილებმა გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელებს სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ.
რისთვის არის საჭირო ტექდათვალიერება?
ტექდათვალისრების შემოღებას ხელისუფლება სამი ძირითადი არგუმენტით ხსნის:
პირველი – ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება;
მეორე – ავარიებისა და მათგან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენცია;
მესამე – მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირება.
როდის უნდა გავიარო ტექდათვალიერება?
ყველა ავტომობილისთვის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბოლო ტექდათვალიერების თარიღზე.
მაგალითად, თუ თქვენმა ავტომანქანამ 10 მაისს გაიარა ტექნიკური დათვალიერება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ტექდათვალიერების გავლის ბოლო ვადა მომდევნო წლის 10 მაისია.
ტექდათვალიერების თარიღის გადამოწმება ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე pti.ge.
სად ტარდება ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება?
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ტექდათვალიერების 40 ცენტრი მუშაობს. ამ 40-იდან კონკრეტულად რომელ ცენტრში გაივლით ტექდათვალიერებას, მნიშვნელობა არ აქვს.
იმისთვის, რომ რიგში არ მოგიწიოთ დგომა, შეგიძლიათ ცენტრში ვიზიტი ონლაინ დაგეგმოთ. ამისთვის არსებობს ვებ-გვერდი www.pti.ge. ამავე გვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც გეოგრაფიულად თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.
ვიზიტის დაგეგმვის შემდეგ, ტელეფონზე მოკლეტექსტური შეტყობინება მოგივათ, სადაც ეწერება, რომ თქვენი მანქანა ნამდვილად ჩაწერილია ცენტრში. მესიჯში იქნება ცენტრის ზუსტი მისამართი და ასევე შეკვეთის უნიკალურ ნომერი.
თუ ინტერნეტი არ გაქვთ ან მისი მოხმარება არ იცით, ასეთ შემთხვევაში ამ სტატიასაც ვერ ნახავთ, ან თუ ნახავთ, დაგვიწერეთ კომენატრებში როგორ ნახეთ?! აგრეთვე შეგიძლიათ ცხელ ხაზზე დარეკოთ და ოპერატორები ამას თქვენს მაგივრად გააკეთებენ. ცხელი ხაზის ნომერია 14-84. ზარი უფასოა. ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან დარეკვისას წინ არავითარი კოდი არ სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ხაზი სადღეღამისო არ არის და არც შაბათ-კვირას არ მუშაობს. დარეკვა მხოლოდ ორშაბათ-პარასკევს 09.00-დან 18.00-მდე შეგიძლიათ.
რა მოწმდება ტექდათვალიერების დროს?
რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილი გამართული უნდა იყოს ყველა კრიტერიუმით: სამუხრუჭე აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობები; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენელი დეტალები. ასევე თქვენი ავტომობილი არ უნდა აბინძურებდეს გარემოს – გამონაბოლქვს შეამოწმებენ და დასაშვებზე მეტად არ უნდა ხმაურობდეს.
- წესრიგში უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ნათურა, რომელიც თქვენს მანქანას აქვს ქარხნულად (მათ შორის სალონის ნათურებიც);
- წესრიგში უნდა იყოს წინა და უკანა შუშა. არ უნდა იყოს გაბზარული და არ უნდა ჰქონდეს დიდი და საშუალო ზომის დაზიანებული წერტილები, რომლებიც მხედველობას უშლის ხელს (5 მილიმეტრამდე წერტილი შეიძლება);
- გამართულად უნდა მუშაობდეს მინამწმენდები. საღი და მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა სარკე და ასევე გამართულად უნდა იღებოდეს და იხურებოდეს ყველა კარი;
- ავტომობილი გარეგნულად მეტნაკლებად უნდა იყოს ფორმაში – არ უნდა ჰქონდეს დიდი ზომის დაზიანებები და შეჭეჭყილი ადგილებ, აგრეთვე საყრდენ წერტილებში არ უნდა ჰქონდეს შესამჩნევი კოროზია;
- ფარები თანაბრად უნდა ანათებდეს, არ უნდა იყოს დაბურული და ჭუჭყიანი. ყველა ფარი უნდა იყოს წესრიგში, ასევე ავარიულებიც;
- საბურავებზე ყურადღება მიაქციეთ პროტექტორების დონეს. ასევე თითოეულ ღერძზე უნდა იყოს ერთნაირი საბურავები, რასაც პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას; აგრეთვე საბურავები არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი ვადის. ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ სათადარიგო საბურავიც;
- მუხრუჭები წინაც და უკანაც, აგრეთვე ხელის მუხრუჭი უნდა იყოს წესრიგში. საჭეს არ უნდა ჰქონდეს ხმა და ფოლხვა;
- ძრავი უნდა მუშაობდეს გამართულად და არ უნდა ჰქონდეს დიდი ხმა, არ უნდა ქრებოდეს ნეიტრალში ყოფნის დროს; აუცილებლად გამართეთ ე.წ. “სვეჩები”; მოწესრიგებული უნდა იყოს ჰაერის ფილტრი; ასევე ბენზინის მიწოდების სისტემა და ფილტრები.
- მანქანას ქვემოდანაც ამოწმებენ საგულდაგულოდ ფანრით – არსაიდან არ უნდა იღვრებოდეს ზეთი, ანტიფრიზი ან რაიმე სითხე.
- ასევე, მანქანას ქვემოდან არ უნდა ჰქონდეს ჩამოვარდნილირომელიმე დეტალი.
რა საბუთები მჭირდება ტექდათვალიერების გასავლელად?
მხოლოდ მანქანის ტექნიკური პასპორტი, პირადობის მოწმობა და ქვითარი, სადაც ჩანს, რომ ტექდათვალიერების თანხა გადახდილი გაქვთ.
რა მოხდება, თუ ტექდათვალიერებას არ გავივლი?
მძღოლი, რომელიც თავს აარიდებს ტექნიკურ ინსპექტირებას ან ივლის ხარვეზიანი მანქანით, 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ იურიდიული პირი ან ინდმეწარმე ხართ, მაშინ 200 ლარით დაჯარიმდებით.
თუ ასეთ მანქანას სხვას გადასცემთ სამართავად, თქვენც 50 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ და მასაც, ვინც ავტომობილს მართავდა.
თუ დარღვევას არ აღმოფხვრით, მომდევნო 30 კალენდარული დღის შემდეგ ჯარიმა ფიზიკურ პირზე 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიულ პირზე 300 ლარი. მომდევნო 30 დრის შემდეგ კი აღნშნული ჯარიმა 300 და 500 ლარი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ავტომობილს შეიძლება გატარებული აქვს ტექინსპექტირება, ქუჩაში მოძრავ გარემოს დაცვის სამსახურის საპატრულო ავტომობილს შეუძლია შესაბამისი ეჭვის საფუძველზე გაგაჩეროთ და ადგილზე შეამოწმოს გამონაბოლქვი. თუ თქვენი ავტომობილი ვერ ჩააბარებს აღნიშნულ ტესტს, მაშინ მოქმედი ტექინსპექტირება გაგიუქმდებათ და დაგეწერებათ ჯარიმა.
რა ხდება მაშინ, როცა მანქანაში გაზის ბალონია დამონტაჟებული?
ტექდათვალიერება სავალდებულოა აირზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც. ასეთი ავტომობილები ინსპექტირებას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ და აკრედიტებულ ცენტრში გაივლიან, სადაც აირის ბალონის ვარგისიანობა იქნება შემოწმებული. ამ ცენტრების მისამართების ნახვა შეგიძლიათ ის www.pti.ge-ზე.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიარო ტექდათვალიერება?
თუ გყავთ სულ ახალთ–ახალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც 4 წელზე ნაკლები წლის წინაა გამოშვებული, მაშინ ტექდათვალიერება საერთოდ არ გიწევთ, ვიდრე თქვები მანქნა 4 წლის არ გახდება.
4-დან 8 წლამდე მანქანები ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება.
ხოლო, 8 წლის როცა გახდება მანქანა, მას უკვე ყოველწლიური შემოწმება უწევს.
რაც შეეხება სამგზავრო (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე) ავტოსატრანსპორტს. ასეთ ავტოტრანსპორტს ტექინსპექტირება უკვე გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ წელიწადს უწევს. ხოლო ოთხი წლის რომ შესრულდება, მერე საერთოდაც წელიწადში ორჯერ უნდა შეამოწმო.
თუ მანქანა ტაქსია, მაშინ დამატებითი რეგულაცია შემოდის იმის და მიუხედავად, როდის არის გამოშვებული ტაქსი ნებისმიერ ვარიანტში ყოველ წელს ორჯერ შემოწმდება ისევე, როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა.
ყოველ წელს მოწმდება ასევე სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ ) და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი (3,5ტ. და მეტი ) ავტოტრანსპორტი.
რომელ ავტოსატრანსპორტს არ ეხება ტექნიკური ინსპექტირება?
ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ მანქანებს;
ტექდათვალიერება არ ეხება ასევე მოტოციკლებს;
ასევე ავტომობილებს, რომლებიც 40 წელზე მეტი ასაკისაა ან მოხსნილია წარმოებიდან; მანქანას, რომელიც ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებულია პირვანდელი მდგომარეობით; ასევე მანქანებს, რომლებიც უკვე აღარ/ვეღარ მოძრაობენ და ერთ ადგილას დგანან; ასევე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე ქარხნულად არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
მე საქართველოს მოქალაქე რომ არ ვარ?
ტექდათვალიერება თქვენს მანქანასაც ეხება.
ტექდათვალიერებაზე მანქანა აუცილებლად ავტომობილის მფლობელმა უნდა წაიყვანოს?
არა, არ არის აუცილებელი. შეიძლება თქვენი მანქანის ტექდათვალიერება მეგობარს, ქმარს, ცოლს, მამას, დედას ან ვისაც გინდათ, იმას მიანდოთ.
გარდა ამისა, არსებობს სპეციალური სერვისები, რომლებიც თქვენ მანქნას წაიყვანენ, თავად მიიყვანენ ტექდათვალიერების ცენტრში და უკან დაგიბრუნებენ. ცხადია, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.