Ford-მა ელექტრომობილებისთვის სიჩქარეების გადამრთველი დააპატენტა
მსოფლიო ელექტრომობილებზე გადასვლისთვის ემზადება. რეგულაციები მკაცრია, ავტომწარმოებლებს კი მათთან მორგება უწევთ. ამის მიუხედავად, ენთუზიასტების უმეტესობა EV-ების მოყვარულთა რიგებში კვლავ არ ეწერება და ტრადიციულ მანქანებსაც არ თმობს. კომპანიებსაც სხვა გზა არ დარჩენიათ, ცდილობენ კანონმდებლობასა და მომხმარებლების მოთხოვნებს შორის მკაცრი შუალედი დაიჭირონ.
პატენტების ნაწილი კონკრეტულ კონცეფციებს მიჰყვება, რომლებიც წარმოებისთვისაა განკუთვნილი. რთული სათქმელია, რომ Ford-ის უახლესი ძალისხმევაც ამ გეგმას მოერგება, თუმცა იდეა უკვე საინტერესოა. თქვენ წინაშეა ახალი ინოვაცია: Ford-ის ინჟინრები მექანიკურ გადამრთველზე მუშაობენ, რომელსაც ელექტრომობილებში გამოიყენებენ.
პატენტის რეზიუმეს თანახმად: „სიჩქარეთა გადამრთველი მოიცავს ბაზას, გადამრთველის სახელურსა და უამრავ აქტივატორს. გადამრთველის ჯოხი მოძრაობს ბაზაზე, წინასწარ განსაზღვრული ვირტუალური ტრაექტორიით“. პატენტის თანახმად, ის „მართავს ბატარეის პაკეტის მიერ მოწოდებულ ელექტროენერგიის ნაკადს, აკონტროლებს ძრავების სიჩქარეს და თითოეული ძრავის წარმოქმნილ ბრუნვას“.
დიზაინში ელექტრონიკის რიგი ფუნქციებია გამოყენებული, მათ შორისაა ჰაპტიკური (შეხების გრძნობასთან დაკავშირებული) ძრავები, სიჩქარეთა გადართვის შეგრძნებისა და მოძრაობის სინთეზისთვის. თუმცა ეს მთლად ინოვაციაც არაა, რადგან მსგავს ფუნქციას რამდენიმე წლის წინ Toyota-ს ინჟინრებიც ტესტავდნენ.
ჯერ კიდევ 2022 წელს, Toyota-მ ვირტუალური გადაცემათა კოლოფისთვის პატენტი შეიმუშავა და ის „მექანიკური ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილის“ კონცეფციაში, Lexus UX300e EV-ში გამოცადა. ის აერთიანებდა ბერკეტს, ყალბ გადაბმულობასა და თანამედროვე კოდირებას, რომელიც მართვის რეალურ შეგრძნებას უზრუნველყოფდა.
სიჩქარეების გადამრთველის დაყენებას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. Lexus-ის ხელმძღვანელის, კოჯი სატოს განცხადებით, ეს ავტომობილის პოტენციალს გაზრდის, გაიზრდება მძღოლის ჩართულობაც და ავტომობილის მართვაც ბევრად სახალისო იქნება. მინუსი კი, ბევრად მეტი კომპონენტია, მაშინ, როდესაც ელექტრომობილების მთავარი მახასიათებელი მისი გამარტივებული არქიტექტურაა.