Mercedes-ს Stellantis-მა მიბაძა | რა თანხას მიიღებთ სამსახურიდან წასვლისთვის?
ბოლო პერიოდში, სამუშაო პერსონალის შემცირების პრაქტიკას, არაერთი კომპანია მიმართავს. გამონაკლისი არც ავტომწარმოებლები არიან, რომლებიც პროცესის დაჩქარების მიზნით, ფინანსურ სტიმულს იყენებენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ეს Mercedes-მა გააკეთა, რომელსაც მალევე Stellantis-მა მიბაძა.
მიზანი უცვლელია: ხარჯების შემცირება. ამისათვის კი, ავტომწარმოებლები მზად არიან თანამშრომლებს სოლიდური ანაზღაურება გადაუხადონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი სამსახურს თავიანთი ნებით დატოვებენ. მაგრამ თუ Mercedes-ის შემთხვევაში ფულადი გასამრჯელო ნახევარ მილიონ ევროს აღწევდა, Stellantis-ი თანამშრომლებს მხოლოდ $72 000-ს უხდის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა გერმანული გიგანტის გულუხვობასთან შედარებით არაფერია, მაინც კარგი წინადადებაა მათთვის, ვისაც სამუშაოს დატოვება, ან სულაც პენსიაზე გასვლა აქვთ გადაწყვეტილი.
Auto News-ის ინფორმაციით, კომპანია ამ პრაქტიკას შესყიდვების 20-ზე მეტ ობიექტში გამოიყენებს - საწარმოო ქარხნებიდან დაწყებული, ნაწილების მაღაზიებით დასრულებული. თუმცა, ამ პირობით სარგებლობისთვის, თქვენ კომპანიაში სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო სტაჟი გჭირდებათ. მაგრამ თუ თანხის მიღება სრულად გსურთ, მაშინ გამოცდილებაც ხელს უნდა გიწყობდეთ.
შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, 15 წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანები მხოლოდ $50,000-მდე ანაზღაურებას მიიღებენ. კომპანია იმავე თანხას სთავაზობს პირებს, რომლებიც 2007 წლის დეკემბრამდე დაიქირავეს და ახლა, სრული შეღავათით პენსიაზე გასვლა შეუძლიათ.
თითოეული დასაქმებულის მიმართ მიდგომა განსხვავებულია, მაგრამ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიას მოთხოვნით 8 მაისამდე მიმართონ. საინტერესოა, თავად თანამშრომლების დამოკიდებულებაც. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, დასაქმებულები თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც სამუშაოს შოვნა ძალიან რთული გახდა, მსგავსი შეთავაზება უსამართლოა.