ჯეიმს ბონდი, ფერარი, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი ვანქვიში, ასტონ მარტინი ვანქვიში ვოლანტე
Aa
Aa

ჯეიმს ბონდის ახალი Aston Martin | უსწრაფესი და უძლიერესი წინაძრავიანი კაბრიოლეტი

ჯეიმს ბონდთან პარტნიორობის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Aston Martin-მა მისი საკულტო მოდელის, Vanquish-ის უახლესი ვერსია წარადგინა, სახელად Volante. ავტომწარმოებლის ახალი ქმნილება მსოფლიოში უსწრაფესი და ყველაზე ძლიერი წინაძრავიანი კაბრიოლეტია.


მთავარი ღირსება, რაც ამ მოდელს გააჩნია კაპოტის ქვეშაა განთავსებული და ის Vanquish-ის 5.2-ლიტრიანი ტვინტურბო V12 გახლავთ. მისი საშუალებით Volante 824 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავის სიმძლავრე კი, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის გამოყენებით სრულად უკანა ბორბლებზე ნაწილდება. სახურავის არ არსებობის გამო, ავტომობილის ძარა გაძლიერებულია, თუმცა წონის ზრდა მხოლოდ 95 კილოგრამით შემოიფარგლება. წონის ბალანსი შეიცვალა, ამიტომ Aston Martin-ის ინჟინრებმა საკიდარი ადაპტიური Bilstein DTX-ის ამორტიზატორით განაახლეს.

სხვა კაბრიოლეტებისგან განსხვავებით, Aston Martin Vanquish Volante-ის შესაძლებლობები მისი კუპე ვერსიის მსგავსია. ავტომობილი 344 კმ/სთ-ს აღწევს, რაც მას ყველაზე სწრაფ წინაძრავიან კაბრიოლეტად აქცევს. შედარებისთვის, Ferrari 12Cilindri Spider-ის მაქსიმუმი 340 კმ/სთ-ია, თუმცა აჩქარებაში Vanquish-ი მას მცირედით მაინც ჩამოუვარდება. თუ Ferrari 0-დან 100-მდე 2.95 წამში ჩქარდება, Volante ამას 3.4 წამს ანდომებს.

ავტომობილების ექსტერიერზე ალბათ ყველას სუბიექტური შეფასება აქვს, თუმცა რთულია უარვყოთ, რომ Volante-ს ვერსიები ყოველთვის დახვეწილი დიზაინისაა. იგივე ვრცელდება ახალ Vanquish Volante-ზეც. რაც შეეხება ინტერიერს, სალონი მხოლოდ ორი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, აქვეა Sport Plus-ის სტანდარტული სავარძლები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კარბონის Performance Seat-ითაც შეიცვალოს. ამას ემატება ორმაგი 10.25-ინჩიანი ეკრანი და Bowers & Wilkins-ს 15-დინამიკიანი აუდიოსისტემა.


Aston Martin Vanquish Volante-ის შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. მიწოდება კი, სავარაუდოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში დაიწყება. თუმცა Aston Martin-ი მას მხოლოდ ლიმიტირებული ვერსიით გამოუშვებს. არსებული გეგმით, წელიწადში ამ მოდელის მხოლოდ 1 000 ეგზემპლარამდე წარმოება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები