ჩინურმა ელექტრომობილმა სტაბილურობის ტესტი კუნგ-ფუს გამოყენებით ჩააბარა
BYD-ის პრემიუმ ბრენდი Yangwang-ი, თავის საწარმოო ხაზს ახალი მაღალი წარმადობის მოდელის, U7-ის გაშვებით აფართოებს. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური წინსვლისა და შთამბეჭდავი მახასიათებლების ერთობლიობაა და მესამე მოდელია U8 SUV-ისა და U9 სუპერმანქანის შემდეგ.
U7-ის სედანი ოთხკარიანი იქნება, დაახლოებით 5.3 მეტრის სიგრძის და 5 მგზავრს დაიტევს. ამასთან ერთად, ავტომწარმოებელი მოდელს 1 300 ცხენის ძალითა და 1 584 ნიუტონ მეტრით აღჭურვის. ამას ემატება Yangwang U7-ის 135.5 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით 720 კილომეტრს ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფასი უცნობია, კომპანია მას „მილიონიანი იუენის“ კლასის ავტომობილს უწოდებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოდელის ღირებულება სულ მცირე $138 000 იქნება.
კომპანიის პირველი მოდელი, U8, უგზოობისთვის განკუთვნილი SUV-ია, რომლის დებიუტიც 2023 წელს შედგა და დაახლოებით $150 000 ღირს. გასულ წელს, BYD-მ Yangwang U9-ის ელექტრო სუპერქარიც გაუშვა, რომელიც Ferrari-ზე ჩქარია. კომპანია პირველობის დამტკიცებას მოდელების განვითარებით უკვე წლებია ცდილობს, ახლა კი, თავისი ელექტრომობილების უპირატესობის დასამტკიცებლად, ახალი მიდგომაც გამოიყენა.
სტაბილურობის ტესტი, U7-ზე კომპანიამ Zhangjiakou Ningyuan-ის აეროპორტში შემოგთავაზა. ტესტირების ფარგლებში მოდელი მოძრაობდა ტრასაზე, რომელზეც რამდენიმე - 30მმ, 40მმ და 50მმ სიმაღლის - სიჩქარის ბორცვები იყო განთავსებული. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ავტომობილზე ამ დროს Wing Chun-ის ოსტატი იდგა და სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობდა. ვინგ-ჩუნგი კუნგ-ფუს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც თავდაცვაზეა ორიენტირებული და განსაკუთრებულ სტაბილურობას მოითხოვს.
ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავით, Yangwang U7-ის თითოეული ბორბალი დამოუკიდებლად მუშაობს. BYD-ის განცხადებით, Disus-Z-ის სისტემა რეალურ დროში საზღვრავს გზის რელიეფს და შესაბამისად რეაგირებს. Yangwang U7-ის, ისევე როგორც ამ ხაზის სხვა მოდელებში, 800 ვატის არქიტექტურაა წარმოდგენილი, რომელიც 500 კილოვატამდე სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობითაა მხარდაჭერილი. შედეგად, მხოლოდ 10 წუთის დამუხტვითაც კი, ავტომობილს 300 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.